რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის კომენტარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, წულაძემ კლინიკა „ვივამედის“ დასკვნის გაცნობის შემდეგ გააკეთა.
„რა მოგვცა ამ 13-დღიანმა კვლევამ და მკურნალობამ. დადასტურდა, რომ მას აქვს პოლინეიროპათია, დადასტურდა კვების დეფიციტი, დადასტურდა ფსიქიატრიული აშლილობა. მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე, უკრაინაში ყოფნის პერიოდში და იქ, მის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ისედაც ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გადიოდა მკურნალობას, იღებდა ანტიდეპრესანტს, „ვენლაფაქსინს“, რომლის მიღებას ის ახლაც აგრძელებს. ამ მედიკამენტის მიღება მას შიმშილობის პერიოდშიც არ შეუწყვიტავს. თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და მას დაესვა ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი“, – განაცხადა წულაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, „ვივამედის“ მიერ გადაცემულ ავადმყოფობის ისტორიაში არსად ფიგურირებს, რომ მას ეს დახმარება უტარდება.
„არ ვიცი, შესაძლოა, ყველა დოკუმენტი არ არის გადმოგზავნილი, ან შეიძლება ისტორიაში არ შეიტანეს ეს ჩანაწერები, მაგრამ ჩვენ რა ისტორიაც მოგვაწოდეს, იქ არაფერი წერია მასზედ, რომ მას ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება. აქ ცხადია, არ იგულისხმება მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტოზური მკურნალობა მას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდეც უტარდებოდა და ახლაც უტარდება, მაგრამ ამის ფონზე, მისი სიმპტომატიკა მაინც გრძელდება, ამიტომ ომბუდსმენის აპარატმა იმთავითვე ჩათვალა, რომ ის მედიკამენტ-რეზისტენტულია და მას ფსიქოგენური დახმარება ესაჭიროება. არსად ჩანს, მუშაობს თუ არა მასთან ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, უტარდება თუ არა, მაგალითად, ქცევითი თერაპია, ნარატივ-ექსპოუჟერ თერაპია და ა.შ. რაც მის მდგომარეობაში უკიდურესად მნიშვნელოვანია“,- აცხადებს ნევროლოგი.
როგორც თენგიზ წულაძე აცხადებს, საკვების მიუღებლობის (რის შესახებაც ბოლო თვეებია საუბრობენ როგორც ექიმი-ექსპერტები, ისე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები) წარმომავლობა ფსიქოგენურია.
„ჩვენ სპეციალურად მოვერიდეთ ტერმინს „ანორექსია ნევროზას“ გამოყენებას, ეს კიდევ სხვა ტიპის დიაგნოზია. მაგრამ ზოგადად „ანორექსიის“ გამოყენებას ვერ ავარიდებთ თავს, რადგან ეს ტერმინი ქართულად ნიშნავს უმადობას, მადის დაკარგვას. „ანორექსია ნევროზა“ ეს არის სხვა ფსიქიატრიული დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არ აქვს. ეს დიაგნოზი სხვა კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ, უფრო ახალგაზრდებს, ეს ადამიანები გაფაციცებულები არიან წონაზე, მაშინაც კი, როცა მათი წონა ნორმალურია და ამის გამო ხელოვნურად იწვევენ ღებინებას. რატომღაც ეს ტერმინი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ისევ ტრიალებს, მაგრამ მინდა, რომ ეს ნათლად გაიმიჯნოს. პაციენტის კვებითი დარღვევა გამომდინარეობს მისი ფსიქიატრიული პრობლემებიდან – ადაპტაციური აშლილობისგან და დეპრესიისგან“,- ამბობს ნევროლოგი.
მისივე განცხადებით, მართალია „ვივამედში“ ჩატარებული კვლევებისას აღიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა – ეროზიული გასტრიტი აქვს, მაგრამ მისივე თქმით, ამ ტიპის გასტრიტს არ შეუძლია გამოიწვიოს იმ ხარისხის გულისრევა-ღებინება, რომელიც პაციენტს აქვს.
„ამ ადამიანს აქვს ადაპტაციური აშლილობა. ის, რომ ექს-პრეზიდენტი საკვებს ვერ იღებს, სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული. ექიმთა გუნდი ახლა მანკიერ წრეზე ტრიალებს და იტრიალებს, სანამ ის იმ გარემოში იქნება, სადაც ადაპტაციური აშლილობა განუვითარდა. დამძიმდება, გაუკეთებენ ანალიზებს, ჩაუტარებენ კვლევებს, დაასტაბილურებენ. შემდეგ კვლავ დამძიმდება და ა.შ. ამ წუთას ჩვენ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. ასე ჰქვია ამას სამედიცინო ენაზე“,- აღნიშნა წულაძემ.
მისი თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა დროში გახანგრძლივდება, შესაძლოა, ის მივიდეს, მაგალითად კახექსიამდე (ორგანიზმის გამოფიტვა) ან უეცარ გარდაცვალებამდეც კი.
„ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილთან კახექსიის პრობლემა არ დგას. ჯერჯერობით მას მაინც ჭარბი წონა აქვს და ასე სწრაფად შეიძლება არ მივიდეს ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ხანგრძლივმა და ძლიერმა კვებითმა დეფიციტმა, ცხადია, ადამიანი შესაძლოა, მიიყვანოს გარდაცვალებამდე. ასეთ დროს იზრდება უეცარი სიკვდილის რისკი. ასეთი კვებითი დეფიციტის დროს დაახლოებით ოთხჯერ იზრდება უეცარი გარდაცვალების რისკი. რა შეიძლება მოვიაზროთ ხანგრძლივ პერიოდად, ამას ვერ გეტყვით. ერთ თვეში მოხდება ეს თუ სამ წელში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ აუცილებლად წავა გაუარესებისკენ თუ არ მიიღებს შესაბამისი რაოდენობის კალორიას, ეს ფაქტია. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. ამ ადამიანს ახლა სჭირდება ფართო, მულტიპროფილური მიდგომა, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, გარემოს შეცვლასაც. თუკი გარემო იგივე იქნება, იგივე მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ. ადაპტაციური აშლილობა შესაძლოა შემსუბუქდეს რაღაც დროში, ადამიანი მიეჩვიოს იმ გარემოს, რა გარემოშიც არის, მაგრამ ამის პროგნოზირება მე არ შემიძლია“,- განაცხადა წულაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურ ფარგლებში, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მისთვის გარემოს შეცვლის გადაწყვეტილება.
„ომბუდსმენის განცხადებით, არსებობს ამის ლეგიტიმური შესაძლებლობები, მაგალითად, სასჯელის გადავადება, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა სასჯელის მოსახდელად. მე, როგორც ექიმი, ვამბობ და მაქვს რეკომენდაცია, რომ მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს გარემოს შეცვლას. შეუცვლის თუ არა და როგორ შეუცვლის მას გარემოს სახელმწიფო, ამას მე არ მეკითხებიან. ამ წრიდან გამოსავლის ძებნა უკვე პოლიტიკოსების საკითხია. ჩემი რეკომენდაცია ადრეც და ახლაც, ეს არის გარემოს შეცვლა. ადაპტაციური აშლილობა ეს არ არის უბრალო შეუგუებლობა. ეს არის ავადმყოფური შეუგუებლობა. ეს ერთი და იგივე არ არის. მას აჩემება კი არ აქვს, რომ არ უნდა და არ შეეგუება. ან მიდი, ჭამე, ხომ გაქვს საჭმელი. ეს მისი ახირება არ არის, რომ არ უნდა და არ ჭამს. ის ვერ იკვებება, ვერ ჭამს. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ადამიანი ავადმყოფობის გამო ვერ იკვებება. მაგრამ ამას საზოგადოება ბოლომდე კარგად ვერ აცნობიერებს“,- აცხადებს თენგიზ წულაძე.