თენგიზ შერგელაშვილი - ეკონომიკის სამინისტროში ლიბერტარიანიზმის ერთგვარი სული კვლავ ტრიალებს
ეკონომიკის სამინისტროში ლიბერტარიანიზმის ერთგვარი სული კვლავ ტრიალებს, – განაცხადა „შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ეკონომიკის სამინისტროსთან მუდმივად წინააღმდეგობა ჰქონდა.
„ჩვენი ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს, ამის სრულყოფილი სისტემური ხედვა არ არსებობს. ამის მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში არაკომპეტენტურობაა, ზოგ შემთხვევაში კი მენტალურ–მსოფლმხედველობრივი საკითხი“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით შარშანწინ არსებობდა კანონპროექტი, რომლითაც მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდები უნდა შერწყმულიყო. შედეგად ჩამოყალიბდებოდა კარგი ფინანსური ინსტრუმენტი, რაც გრანტსა და სესხს დააბალანსებდა, მაგრამ პროცესი გაიყინა, რადგან მთავრობაში შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობდა.
როგორც შერგელაშვილმა აღნიშნა, 2013 წელს სხვადასხვა სამინისტრომ რეფორმებზე ფიქრი დაიწყო, მაგრამ თანდათანობით, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ეკონომიკური პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს დაუბრუნდა, როცა ეკონომიკა, აღქმული იყო არა როგორც სისტემა, არამედ როგორც ცალკეული პროექტების ერთობლიობა.
„შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „შენების მოძრაობას“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება, რომლის ვინაობასაც შესაბამის დროს დაასახელებს.