თენგიზ შერგელაშვილი - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, პირადად ჩემ მიერ პროკურატურაში 18 საქმეა გაგზავნილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, პირადად ჩემ მიერ პროკურატურაში 18 საქმეა გაგზავნილი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურაში გაგზავნილი საქმეები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს ეხებოდა.
„პირველ თვეებში და მერეც, ძალიან ბევრი საქმე გავგზავნეთ, წამოსვლის წინ მოვიკითხე, მაგრამ არცერთ საქმეზე შედეგი არ დამდგარა. ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით პროკურატურაში გავაგზავნეთ საქმე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილზე საქმის აღძვრა ყოველგვარი პალტოებისა და კოსტიუმების გარეშე შეიძლებოდა. მან კომპანიას რამდენიმე თეთრად გადასცა მიწა, რომელიც სახელმწიფომ ერთ წელიწადში უკან, ოცჯერ უფრო ძვირად იყიდა“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეისწავლა თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა სამტრედია–გრიგოლეთის გზასთან დაკავშირებული საქმე, მაშინ როცა თენგიზ შერგელაშვილი მინისტრის მოადგილე იყო, შერგელაშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმაც შეისწავლა და პროკურატურაშიც გაიგზავნა.
შეკითხვაზე, საიდან მოდის დაგებული გზების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ბევრ ეტაპს მოიცავს და ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემას პროექტის რომელიღაც ეტაპზე ჩავარდნა იწვევს.