თენგიზ შარმანაშვილი - ოჯახური ღირებულებების დაცვა ჩვენთვის ღირებულია, შემდეგი არჩევნები გარკვეული რეფერენდუმიც იქნება, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, ამას კონსტიტუციის დონეზე გავამაგრებთ
ოჯახური ღირებულებების დაცვა ჩვენთვის ღირებულია და შემდეგი არჩევნები გარკვეული რეფერენდუმიც იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„სხვა საკითხებთან ერთად, ეს საკითხიც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ მივიღებთ, ამას ჩვეულებრივი კანონებით კი არ დავარეგულირებთ, როგორც ახლა ვაკეთებთ, არამედ კონსტიტუციის დონეზე გავამაგრებთ. ეს, პარალელურად, ახლა დავაინიცირეთ, რადგან ცაში არავინ დაფრინავს, ვიცით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს და კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შევიტანთ, მაგრამ ვეუბნებით ამომრჩეველს, ეს ღირებულებები თქვენთვისაც თუ ღირებულია, მაშინ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება არჩევნებზე და ჩვენ ამ ყველაფერს უკვე კონსტიტუციის დონეზე გავამაგრებთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, თუ ამომრჩევლები სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ და იტყვიან, რომ ეს არასწორი მიმართულებაა, ნათლად გაირკვევა არჩევნებზე.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებულებითი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჩვენთან ასე განვითარდა საზოგადოება, შეიძლება, სრულ კატასტროფამდე მივიდეთ. ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ და გაგვაჩნია ჩვენი ღირებულებები. ხუთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ მოვიდოდა ვიღაც და ამ საკითხებზე რაღაცას გეტყოდა, მაგრამ დღეს გეუბნებიან, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ათი წლის წინ რომ ჩამოსულიყო ვინმე უცხოელი ან შიგნით ეთქვა ვინმეს, რომ, მაგალითად, მართლმადიდებლობა პროგრესისთვის შემაფერხებელია, ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩამოსულმა ევროპული ქვეყნის ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, ეს თქვენი მართლმადიდებლობა არ მომწონს, ის პროგრესის წინააღმდეგ არისო, მერე კი ამის იქითაც წავიდა და თქვა, ისლამიც ასეთივეაო. უკვე ასეთ თემებზე მიდიან და, ფაქტობრივად, გეუბნებიან, შენი ღირებულებები, რაც გაგაჩნია, რწმენა, ისტორიული ფესვები და ტრადიციები, არაფერს ნიშნავს, დამთავრებულია და უნდა დაივიწყო. ამას თუ არ აკეთებ, მომავალი არ გაქვს და პროგრესს ეწინააღმდეგები“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ტყუილად არ ხდება და ამის პროპაგანდაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება.
„ეს გამჭვირვალობის კანონსაც ეხმიანება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე იხარჯება თანხები, რისი პროპაგანდისთვის და ჩვენი საზოგადოების რა მიმართულებით წაყვანისთვის. როდესაც ვუყურებთ კვლევებს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს, უკვე სრულიად ნათლად წარმოგვიდგენია, სადამდე მივალთ, თუ ასევე უდარდელად ვუყურებთ ამ ყველაფერს; მივალთ იქამდე, სადაც ისინი მივიდნენ. მაგალითად, ავიღოთ საბერძნეთი, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მართლმადიდებლობა არის სახელმწიფო რელიგია. ჩვენ, უბრალოდ, პატივისცემა გვიწერია, რომ ვაღიარებთ ისტორიულ რელიგიას, იმათ კი აღიარებული აქვთ, როგორც სახელმწიფო რელიგია და სამი-ოთხი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საბერძნეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დაუშვებდა, გეტყოდნენ, რომ საბერძნეთს არ იცნობთ ან წარმოდგენა არ გაქვთ, იქ რა ხდებაო, მაგრამ ფაქტია, დღეს დავდექით ამ რეალობის წინაშე“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ნორმად მიიჩნევს, საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ თუ ტენდენციებს და ამ თემის პროპაგანდისთვის ამერიკული და ევროპული ფონდებიდან გაღებულ დაფინანსებას გავითვალისწინებთ და ხელისუფლება თუ ამას პრევენციულად არ შეხედავს, უკვე ძალიან მარტივად შეიძლება პროგნოზირება, რომ ოთხ-ხუთ წელიწადში ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარება გვექნება.