თენგიზ შარმანაშვილი - ევროპული სტრუქტურები საქართველოში საარჩევნო პროცესში არიან ჩართული, ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლიან, მათი მცდელობები ფუჭი იქნება, რაშიც ერთ კვირაში დარწმუნდებით
ევროპული სტრუქტურები და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირ არიან ჩართული, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია ევროპული ღირებულებებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მცდელობები ფუჭი იქნება, რაშიც ერთ კვირაში დარწმუნდებიან.
„ევროპული საბჭოს სახის ორგანიზაციები წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას პირდაპირ იღებენ, ისინი წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთნენ, რადგან ოპოზიციას ამის რესურსი არ გააჩნია. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ უფლებამოსილები არიან არჩევნების აგიტაციაში მონაწილეობა პირადად მიიღონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და შეუფერებელი საქციელია ევროპული ღირებულებებისთვის. სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირ არიან ჩართული, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია ევროპული ღირებულებებისთვის. მათი მცდელობები ფუჭი იქნება, ამაში ერთ კვირაში დარწმუნდებით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს ეუბნებიან, ჭკუას ასწავლიან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენაა.
„წარმოიდგინეთ, ქართველ ერს ეუბნებიან და ჭკუას ასწავლიან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და იქვე რაღაც მუქარანარევი განცხადებაც გაკეთდა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, როგორსაც ვთვლით, რომ სწორია, ამას შედეგები მოჰყვებაო. ამომრჩევლის ნებაზე ამაზე დიდი ზეწოლა არ გამიგია. ასეთი რამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია. დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ევროპული ღირებულებები ცოტა სხვა რამ მეგონა და არა – ზეწოლა ამომრჩევლებზე უცხო ქვეყანაში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.