თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენ ვამბობთ, რომ ტრადიციული ღირებულებებით, ეროვნული იდენტობის დაცვით მოვდივართ თქვენთან, დარწმუნებული ვარ, ნატო-სა და ევროკავშირში გვეყოლება მოკავშირეები
ულტრალიბერალური შეხედულებები არაბუნებრივი შეხედულებებია და ამის კულტივირება ხდება სხვადასხვა ქვეყანასა თუ საზოგადოებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ადამიანი, რომელსაც თავისი ეროვნული იდენტობა არ გააჩნია, არც თავისი სახელმწიფოს დაცვისთვის არ იქნება მზად. მე ჩემს თავს თუ არ მივაკუთვნებ ამ საზოგადოებას, თუ აქაური ტრადიციები დრომოჭმულად და არაფრის მთქმელად მეჩვენება, ჩვენი წარსული ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ის ჩვენი მომავლის საფუძველი არ არის, ასეთი ადამიანის მართვა ძალიან ადვილია. ასეთი სახელმწიფოებისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა ძალიან ადვილია და ასე ნებადაკარგული სახელმწიფოები ადვილად კარგავენ იდენტობას“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი ტიპის იდეოლოგიების შეტანამ, ჯერ საზოგადოებების დეზინტეგრაციამ, მერე კი იდენტობის და ნების დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ ტრანსნაციონალური საფინანსო და სხვა ტიპის ორგანიზაციები ადვილად შევიდნენ ევროპის ქვეყნებში და მათი ინტერესები, ფაქტობრივად, მოსპეს.
„ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი, დაახლოებით, 17 ტრილიონი იყო და ამდენივე იყო აშშ-ის, მაგრამ ახლა აშშ-ის მშპ არის 36 ტრილიონი, ხოლო ევროკავშირი 18 ტრილიონზე დავიდა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
გადაცემის სტუმრის, საზოგადოებრივი მოძრაობის, „სოციალისტური პლატფორმის“ წევრის, ცოტნე მარღიას შეკითხვაზე – მოცემულობაში, როცა ქვეყნის გაცხადებული კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, როგორ უნდა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებამ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ელიტებთან თანამშრომლობა, როგორც ღირსეულმა პარტნიორმა, რათა დაიცვას ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხის ინტერესი, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ პასუხი იმ მოვლენებშია, რომლებიც ჩვენ თვალწინ ვითარდება.
„მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, ჩემთვის მხოლოდ ორი გენდერი არსებობსო, რაც იქ გავრცელებული ტრენდის აბსოლუტურად საპირისპირო იყო და ევროპულ წრეებში დიდი კრიტიკაც დაიმსახურა მისმა ამ გამონათქვამმა, რომ მისთვის ორი სქესი არსებობს, ქალი და კაცი. ეს არის ბუნებრივი და ამაზე დავაც კი არ შეიძლება. დონალდ ტრამპი ერთხელ უკვე იყო აშშ-ის პრეზიდენტი და, დიდი ალბათობით, შეიძლება, ახლაც გახდეს, მით უმეტეს, იმ სკანდალის ფონზე, რაც დღევანდელ პრეზიდენტს და მის ოჯახის წევრებს დაემართათ და ტრამპიც პირდაპირ ამბობს ამას, რიში სუნაკზე იქით მიდის და აცხადებს, ქორწინება ჩემთვის მხოლოდ ქალისა და კაცის ურთიერთობააო. დონალდ ტრამპი, რომელიც ერთხელ იყო ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ამიტომ, არ გეგონოთ, თითქოს ყველაფერი ისეა, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ, ნატო-სა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და მეტი არაფერი აღარ მოხდება, ან ამ ტრენდს გავყვებით ბოლომდე და თავს დავიღუპავთ, ან სხვა გამოსავალი არ იქნება. ასე არ არის საქმე. ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ადამიანები წარმატებას აღწევენ პოლიტიკაში, იმ ქვეყნებშიც იცვლება ფონები და იქაც არიან ისეთი სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს წინააღმდეგობას უწევენ. ტრამპი ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. ახლა ჩვენი, ქართველების გადასაწყვეტია, რა გზას ვირჩევთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულებებით, არა ადამიანის ჩაგვრის და დისკრიმინაციის ხარჯზე, არამედ, უბრალოდ, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვის წესებით მოვდივართ თქვენთან. დარწმუნებული ვარ, ამაში გვეყოლება მოკავშირეები“, – განაცხადა შარმანაშვილმა.