ჩვენ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში შევქმნათ პირობები, სადაც პროპაგანდას ხელი არ ეწყობა და მისი წახალისება არ ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში დაუშვეს ასეთი ტიპის პროპაგანდა. მაგალითად, არის გადაცემები, სადაც, მათ შორის, ბავშვებს იწვევენ და ისეთ დროს უშვებენ, როცა ბავშვსაც შეუძლია, უყუროს. ბავშვებს ეუბნებიან, შენ თვითონ შეგიძლია, აირჩიო სქესი. მიდიან საბავშვო ბაღებში და იქ ცდილობენ, რაღაც გენდერნეიტრალური პოზიციები დაამკვიდრონ. ბავშვს ეუბნებიან, შენ ბიჭი ან გოგო კი არ ხარ, შენ ხარ ბავშვი და ცოტა ასაკი რომ მოგემატება და გაიზრდები, მერე აირჩევ, ბიჭი ხარ თუ გოგო. ჩვენ ამ ტიპის პროპაგანდას შევეწინააღმდეგებით. არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ დღევანდელ ინფორმაციის ეპოქაში აბსოლუტურად შეგიძლია, გადაკეტო ეს ინფორმაცია, რათა ამ ტიპის ინფორმაციას ვერავინ ვერსად მიაგნოს, მაგრამ ჩვენ თუ ასე შევხედავთ ყველაფერს, მაშინ ბევრი ჩვენი და ევროპაში მიღებული კანონმდებლობა წყალში გადასაყრელი ყოფილა. მაგალითად, დადგენილია, სკოლიდან რამდენ მეტრში არ შეიძლება, გაიყიდოს სიგარეტი. ხომ კარგად გვესმის, რომ 50 მეტრს თუ ჩაწერ, 55-ე მეტრზე წავა და იყიდის. ანუ, აბსოლუტურად ვერ ფარავ ამას, მაგრამ შენ ხელს უწყობ იმას, რომ ამას ხელი არ შეუწყო. ანუ, არ ქმნი იმ პირობებს, რომ ამ ყველაფერს ხელი შეეწყოს, თორემ იმის ილუზია არავის აქვს, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციულ არხებს გადაკეტავ, ბავშვი ინტერნეტში ვერ შევა და იქ ვერ ნახავს ასეთი ტიპის გადაცემებს ან კინოფილმებს, მაგრამ შენ არ უნდა შექმნა ეს პირობები“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ამ განცხადებით თენგიზ შარმანაშვილმა პირველი არხის ანალიტიკოსის, სანდრო ცაგარელის შეკითხვას უპასუხა – რა შეიძლება, ჩაითვალოს პროპაგანდად და რას შეზღუდავს საქართველოში არსებულ რეალობაში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები?
შარმანაშვილის თქმით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტი, გარდა პროპაგანდისა, სხვა რაღაცებსაც არეგულირებს.
„ჩვენთან ეს კანონმდებლობა თუ იქნება მიღებული, მაგალითად, აიკრძალება სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციები. ბევრ ქვეყანაში სუროგაციაა აკრძალული და არავინ არაფერს ამბობს, ჩვენთან კი ეს იქნება აკრძალული. ასევე აიკრძალება ის, რაც ბლინკენმა გააკეთა აშშ-ში და ესეც არის ამ კანონში. ანუ, ვერცერთი თანამდებობის პირი და ვერცერთი კომპანიის ხელმძღვანელი ვერ აუკრძალავს თანამშრომელს ან შრომით ხელშეკრულებაში ვერ ჩაუწერს იმას, რომ ის ვალდებულია, გამოიყენოს გენდერნეიტრალური ტერმინოლოგია. მაგალითად, არ მიმართოს ვინმეს „ქალბატონებო და ბატონებო“ და მიმართოს „თანამშრომლებო“ და ა.შ. ანუ, აქ მარტო პროპაგანდის აკრძალვა არ არის და სხვა ქმედითი ნაბიჯებიც არის მოცემული. მაგალითად, ჩვენ იმთავითვე ვაცხადებთ, რომ აიკრძალება დოკუმენტებში, გენეტიკურად ქალისა და გენეტიკურად კაცის გარდა, სხვა რამე სქესის მითითება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ადამიანს უცხოეთში რომც ჰქონდეს დადებული ასეთი სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეკრულება, ან პირობები, ან, თუნდაც, ქორწინება, საქართველოს სახელმწიფო ამას ქორწინებად არ ცნობს. ანუ, ასეთ დოკუმენტს სამოქალაქო ურთიერთობებით დადგენილი შედეგები არ მოჰყვება და ა.შ.“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
შეკითხვაზე, ითვლება თუ არა პროპაგანდად ე.წ პრაიდი, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ პროპაგანდა უფლებების დაცვისაგან უნდა გაიყოს.
„ადამიანები თუ შეიკრიბებიან და იტყვიან, რომ კონკრეტულად ეს ქალი, ეს კაცი და ა.შ. სამსახურიდან მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო გამოაგდეს ან შეავიწროვეს და თავიანთი უფლებების დაცვა დაიწყეს, ამას ხელს ვერავინ და არავინ შეუშლის. მათ დაიცვან თავიანთი უფლებები, კი ბატონო, მაგრამ როგორც კი ამ მანიფესტაციების ან შეკრებების გამოყენება დაიწყება, როგორც პროპაგანდისტული იარაღის, რომელსაც ვინმეს უფლებების დაცვის მიზანი კი არ ექნება, არამედ, უბრალოდ, თავისი ცხოვრების წესის ან ასეთი ურთიერთობების პროპაგანდის დანიშნულება ექნება, რა თქმა უნდა, ეს კანონსაწინააღმდეგოდ ჩაითვლება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ, საერთოდ, ნებისმიერი ასეთი ურთიერთობის დაზუსტება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
„იქნება რაღაც კონკრეტული შემთხვევები, ვთქვათ, ასეთი ტიპის ორგანიზაციები იტყვიან, ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავდით და პროპაგანდა არაფერ შუაში არ იყო, პროპაგანდა საერთოდ არ გვქონდა მიზნადო. რა თქმა უნდა, ასეთი სასამართლო დავები იქნება და მერე მთელ მსოფლიოში სასამართლო პრაქტიკით დგინდება ასეთი რაღაცები. დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც იქნება ასეთი სასამართლო დავები და სასამართლო პრაქტიკა დაადგენს და გამიჯნავს პროპაგანდას საკუთარი უფლებების დაცვისგან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, სახელმწიფომ პროპაგანდის ხელშეწყობას ხელი შეუშალოს.
„საუბარი თუ არის შენს უფლებებზე, შენ დაცული იქნები. შენ თუ შეიკრიბები ამ უფლებების დასაცავად, შეიძლება, ამ მანიფესტაციაში მონაწილეობა მიიღოს იმ ადამიანების 80%-მა, რომელიც საერთოდ არ განეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას. მაგალითად, ჩვენ ავიმაღლოთ ხმა ვიღაცის ჩაგვრის საწინააღმდეგოდ. ასეთ დემონსტრაციაში შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, რომ არ გაუშვან მასობრივად სამსახურებიდან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები. მით უმეტეს, ჩვენი კანონმდებლობით ეს ხალხი დაცულია ასეთი დისკრიმინაციისგან. უბრალოდ, წამახალისებელი არ უნდა იყოს; არ უნდა მიდიოდნენ არასრულწლოვან ბავშვებთან და არ უნდა ეუბნებოდნენ, შენ სქესი არ გაქვს და მერე აირჩევო; არასრულწლოვნებს არ უნდა ეუბნებოდნენ, შენ სქესის შეცვლის უფლება გაქვს და თუ შენი მშობლები ამის წინააღმდეგი არიან, ვიდრე შენ 18 წლის გახდები, შეგიძლია, წახვიდე და მშობლებს სასამართლოში უჩივლო, რომ გჩაგრავენ და ქირურგიული ჩარევის უფლებას არ გაძლევენო. ასეთი რაღაცებისგან დაიცავს ეს კანონმდებლობა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპაში ბევრჯერ ყოფილა ღირებულებების გადახედვა და ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, დარწმუნებულია, რომ ევროპაში ამ ღირებულებების გადახედვაც დაიწყება, რადგან, სხვაგვარად, ისინი კატასტროფულ სიტუაციამდე მივლენ როგორც დემოგრაფიულად, ისე კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით.