თენგიზ ქობალიასა და ხუტა ბაღათურიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და სერვისების განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს თენგიზ ქობალიასა და მოქალაქე ხუტა ბაღათურიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება.
თენგიზ ქობალიას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მათ 60 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს, უძრავი ქონების გარანტიით, თუმცა სასამართლომ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
იოსებ ჯანაშიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება გამოიყენა, რაც ნიშნავს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს ქმედებები შეთანხმებული იყო, რადგან „პომპეზური დაკავებით“ სასამართლოს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა პატიმრობის ზომის გამოყენებისა.
გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას, ამაზე განჩინების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
ბრალს არ აღიარებს არც თენგიზ ქობალიასთან ერთად დაკავებული მოქალაქე ხუტა ბაღათურია და დუმილის უფლებას იყენებს.
ბაღათურიას ადვოკატმა სასამართლოს 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასმართლომ ეს შუამდგომლობა არ გაიზიარა და ხუტა ბაღათურია პატიმრობაში დატოვა.
სუს-მა ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დღეს დააკავა. გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.
ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეში ფიგურირებდა. რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს.