თენგიზ კალანდაძე - 2020 წლიდან ფიზიკური პირისა და ოჯახური წარმოების სუბიექტის კონტროლი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლიდან ფიზიკური პირისა და ოჯახური წარმოების სუბიექტის კონტროლი იწყება, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათ რაიმე საფასურის გადახდა მოუწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ჩაიწერა კანონში, რომ 2020 წლიდან ფიზიკურ პირებსა და ოჯახური წარმოების სუბიექტებზე დაწყებულიყო კონტროლი და ისინი ბიზნესოპერატორებად დარეგისტრირებულიყვნენ. ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის პროცესი უფასოა.
რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით.
„ძირითადი კანონში, რომელიც 2012 წელს მიიღეს და რომელსაც სურსათის კანონს ვეძახით, დღემდე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
სწორედ კანონში არის მოცემული ეს მოთხოვნა. არანაირ ახალ მთავრობის რეგულაციას ჩვენ არ ვიღებთ. კანონში წერია ასეთი რამ, რომ 2020 წლამდე, დღესაც კი შეჩერებულია ფიზიკური პირის და ოჯახური წარმოების სუბიექტის კონტროლი. ანუ მასზე დღეს კონტროლი არ ხორციელდება.
წავიკითხე არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს ევროპულ ვალდებულებასთან არის დაკავშირებული. არანაირად არ უკავშირდება ევროპულ ვალდებულებას. თითოეული ჩვენგანი ვართ მომხმარებელი და ყველას გვაინტერესებს, რას ვყიდულობთ, რას მივირთმევთ.
სამწუხაროდ, დღეს კონტროლი არასრულყოფილია. ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ჩაიწერა კანონში, რათა ხალხი მომზადებული შეხვედროდა ამ პირობებს, რომ 2020 წელს მათაც გაუჩნდებოდათ ვალდებულება, გამხდარიყვნენ ბიზნესოპერატორები.
არანაირი დამატებითი ფინანსური ვალდებულებები და რაიმე ახალი რეგულაციები არ შემოდის. ეს ჩანაწერი კანონში შვიდი წელია არსებობს და 2020 წლიდან ამოქმედდება“,- განუცხადა პირველ არხს თენგიზ კალანდაძემ.