თენგიზ ფხალაძე - პუტინის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების საკმაოდ სუსტ გარემოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება უკიდურესად აღმაშფოთებელია.
როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
“უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულების რეტიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების საკმაოდ სუსტ გარემოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალებში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამის ე.წ. შეთანხმებას რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა 2017 წლის მარტში მოაწერეს ხელი. “დოკუმენტის” თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში გაივლიან. ამასთან, ის პირები, ვინც სამხედრო სამსახურს ერთ-ერთი მხარის შეიარაღებულ ძალებში გაივლიან, მეორე მხარის არმიაში სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან.