თენგიზ ფხალაძე - იუნკერთან მიღწეული შეთანხმება პირველ რიგში, ევროკავშირთან არსებული ფორმატების გაძლიერებას გულისხმობს
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და უმაღლეს დონეზე აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფახალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია პერსპექტივები, რომლებიც უკავშირდება სექტორალურ ინტეგრაციას.
„ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირი სექტორალური თანამშრომლობის საშუალებას და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, კომისრებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას.
ყოველივე ეს განხორციელდება უშუალოდ პრეზიდენტ იუნკერის მეთვალყურეობის ქვეშ და განსაკუთრებით დააჩქარებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეფორმების გაღრმავებას და იმას, რომ ევროინტეგრაციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, აბსოლუტურად ყველა დარგმა იგრძნოს ის სიკეთეები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც დღეს გვაქვს და ყველა მიმართულებით ინტენსიურად წარიმართოს თანამშრომლობა ევროკავშირთან“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ.