თენგიზ ფხალაძე - ბრიუსელში შეხვედრებზე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხიც განიხილება
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოიცავს როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას, – ამის შესახებ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს განიხილავენ.
„შეხვედრებზე საუბარი შეეხება სწორედ იმას, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მეტი ინტეგრაციისა და დაცულობისთვის. პრეზიდენტი აქტიურად დააყენებს საქართველოს პრობლემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ასევე განხილული იქნება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, უსაფრთხოების გამოწვევებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს როლის შესახებ პრეზიდენტი ბრიუსელის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრებს.
„რაც შეეხება ევროკავშირს, აქ მთავარი არის სექტორალური ინტეგრაცია, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, თანამშრომლობის გაღრმავება. უვიზო მიმოსვლის საკითხზე პრეზიდენტი მთლიანად არის ინფორმირებული არსებულ ვითარებაზე და ფლობს სიტუაციას, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან და ბუნებრივია, სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ აქ არის როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, ჩვენ გვქონდეს უვიზო მიმოსვლა.
ხელისუფლებას ერთობლივი კომუნიკაციის შედეგად აქვს ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რაში გვჭირდება მეტი ჩართულობა და დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია იდენტიფიკაცია ყველა იმ პრობლემისა და ყველა იმ საწყისის, საიდანაც მომდინარეობს ეს პრობლემა და ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება იმისათვის, რომ პრობლემა იქნას აღმოფხვრილი.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველი შეხვედრა უცხოელ პარტნიორებთან იწყება ყოველთვის იმ ვითარებაზე საუბრით, რაც არსებობს იმ მომენტისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მით უმეტეს როდესაც ასეთი მწვავე ვითარებაა, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ყველა ფორმატში იქნება წამოწეული და მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში გამართავს.