თენგიზ ფხალაძე - ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს საქართველოს მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს
უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის ოკუპანტმა სახელმწიფომ პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს გამყარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, რაშიც ჩართულია აბსოლუტურად ყველა – პრეზიდენტი, მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო.
როგორც თენგიზ ფხალაძე ამბობს, საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.
„დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საქართველოს, როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ მხრიდან. ეს მხარდაჭერა არის როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, ასევე კონგრესის ორივე პალატაში. ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვახერხოთ ამ მხარდაჭერის კაპიტალიზაცია“, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.
თენგიზ ფხალაძის შეფასებით, მიღებული დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია და არამხოლოდ ამყარებს არაღიარების პოლიტიკას, არამედ მასში საუბარია მნიშვნელოვან და სოლიდურ ფინანსურ დახმარებაზე, რამაც საქართველოს გაძლიერებაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში უნდა შეუწყოს ხელი.
2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. ასევე, აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.