თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების მოხსნას ნუ განვიხილავთ, როგორც ყველაფრის უფლებას, საქმიანობა როგორმე იმ წესებით უნდა გავაგრძელოთ, რაც შეზღუდვების პერიოდში ვისწავლეთ
თუ შეზღუდვების მოხსნის პირობებში შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, რომელიც დღეს გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, წელში გავიმართოთ და ვთქვათ, რომ პანდემიის პირველ ტალღას გავუმკლავდით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„ამისთვის ძალიან სერიოზულად არის აუცილებელი ერთი რამ და მე ვთხოვდი ყველა მოქალაქეს, შეზღუდვების მოხსნას ნუ განვიხილავთ, როგორც ყველაფრის უფლებას. ანუ, იძულებითი ზომების ნაწილი მოიხსნა და ეტაპობრივად კიდევ მოიხსნება, მაგრამ ჩვენი საქმიანობა როგორმე, ისე უნდა გავაგრძელოთ, რაც ამ შეზღუდვების პერიოდში ვისწავლეთ – უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, არ უნდა მივატოვოთ ხელების ხშირად დაბანა და დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ ნიღაბი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია სამთვიანი გამოცდილების ფონზე „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებული, მძიმე შემთხვევების მართვა და ლეტალობის თავიდან აცილება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილში მართვა სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ის, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.
„პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილში მართვა სრულიად შესაძლებელია. მით უმეტეს, თუ პაციენტი დროულად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და მისი მკურნალობა გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება. ამ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ საქმე კრიტიკულ მდგომარეობამდეც არ მივიდეს, ანუ, ადამიანს ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა არ დასჭირდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეცდომაში ნუ შეგვიყვანს ის შედეგები, რაც საქართველოში გვაქვს. ჩვენთან უკვე დაისადგურა გარკვეულმა ოპტიმიზმმა და ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან მოსახლეობა პანიკაში არ უნდა იყოს. ექიმებმა იმიტომ გადადეს თავი და 24-საათიან რეჟიმში იმიტომ მუშაობენ, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და კარგია, რომ ხალხი ასე გრძნობს თავს, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.