თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული 23 შემთხვევიდან მხოლოდ ოთხი შიდა გადაცემა ფიქსირდება
საქართველოში კორონავირუსის შიდა გადაცემის სულ ოთხი შემთხვევაა, 23-დან დანარჩენები დაინფიცირდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთია შიდა გადაცემა.
„კარგი ის არის, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური, სულ 4-5 შემთხვევაა ასეთი 23-დან, დანარჩენი ყველა დაინფიცირდა ქვეყნის გარეთ.
რვიდან ერთი არის შიდა გადაცემის, ხუთი ნამდვილად ვიცი, რომ შემოტანილია სხვა ქვეყნიდან, დანარჩენ ორზე ჯერ არ ვფლობ ინფორმაციას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან, ცერცვაძის თქმით, ერთ-ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე შემთხვევა კი საშუალო სიმძიმისაა. მისივე თქმით, უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქია.
„როგორც მე ვიცი, მოქალაქეები, რომელებიც მესამე ქვეყნის გავლით შემოვიდნენ საქართველოში აღრიცხული არიან, მაგრამ, როცა ეპიდემია ელვის სისწრაფით ვრცელდება ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში, იმის თქმა, რომ ყველა არის მეთვალყურეობის ქვეშ ცოტა ძნელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები არ ვრცელდება.
„საქართველოს მიმართ არის ყველა პუნქტში მოწოდება, რომ სწორად ხდება ყველაფერი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.