თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს შორის კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული ცხრა პაციენტიდან ერთის, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა რჩება მძიმედ.
„ამ მომენტისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან ცხრა არის დადასტურებული ახალი კორონავირუსის ინფექციით, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა უკვე პასუხი ხუთ ახალ პაციენტზე, მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფექცია და ისინი სავარაუდოდ, გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში. წევს ამჟამად 13 ავადმყოფი კიდევ, რომელთა პასუხი არ ვიცით, მასალა გაგზავნილია ლუგარის ცენტრში. პასუხი იქნება მოგვიანებით.
რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა რჩება მძიმე, სტაბილური, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38.5-დან 39.5-მდე. ის იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. მას აქვს ხველა, აქვს საერთო სისუსტე და ჩვენ მას ვაკვირდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომატიკა, ან აქვთ მსუბუქი სიმპტომატიკა. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-დან 37.5 გრადუსამდე. ზოგიერთ მათგანს აღენიშნება მცირე გადახრა სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოპენიის სახით, რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისათვის, მაგრამ ცხრა პაციენტიდან ამ ერთის გარდა, დანარჩენის მდგომარეობა შეგვიძლია, შევაფასოთ როგორც უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.