თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე ჩატარებული კვლევიდან, „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე მცირე კვლევა ჩატარდა.
მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა, რაც გამოკვლეულთა დაახლოებით 0.6 პროცენტია.
ცერცვაძის განცხადებით, ეს ნიშნავს არა მათ ავადობას, არამედ იმას, რომ ისინი სეროპოზიტიურები არიან და ანტისხეულები აქვთ.
„გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას მოსახლეობაში, ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები ჯერ საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, როცა ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით, გვყავს 6-10 პროცენტი. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი, ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, დაზუსტებული მონაცემებით ექვსი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა. ანუ, გავითვალისწინოთ, რომ კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ მოსახლეობაში. გამოვიკვლიეთ 1000 კაცი, აქედან ექვს ადამიანს აღმოაჩნდა „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები“,- განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ კვლევა სწრაფი, მარტივი ტესტით ჩატარდა და არა „პისიარ“ მეთოდით.
„ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს ექვსი კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მსგავსი კვლევა ტარდება მთელ მსოფლიოში, რათა დაადგინონ, რა შეფარდებააა ავადმყოფების რაოდენობასა, რომელიც დგინდება „პისიარ“ კვლევით და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის, რომელიც სწრაფი, მარტივი ტესტით ან ე.წ. ელაიზა ტესტით, იმუნოგლობულინ ჯის დადებითობის განსაზღვრით დგინდება.
„ვიმეორებ, იმუნოგლობულინ ჯი ანტისხეულები 1000 ადამიანიდან აღმოაჩნდა ექვს ადამიანს. ეს არის დაახლოებით 0.6 პროცენტი გამოკვლეულების. გუშინ ვთქვი და დღესაც ვამბობ, რომ ჯერ მხოლოდ შევაგროვეთ პაციენტები. ეს შედეგები მუშავდება, დამუშავებას აქვს თავისი წესები, შეიძლება ეს პროცენტი ცოტათი შემცირდეს ან მოიმატოს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკში, ლოსანჟელესსა და სტოკჰოლმში ჩატარებულ მსგავს კვლევაზეც.
„ნიუ-იორკში ჩატარდა ანალოგიური კვლევა და იქ, ქალაქ ნიუ-ორკში ამ ანტისხეულებით პრევალენტობა გამოვიდა 21 პროცენტი მოსახლეობის. ქალაქ ნიუ-ორკში 21 პროცენტი, ნიუ-ორკის შტატში 14 პროცენტი. ძალიან მაღალი პროცენტი გამოვიდა. ჩვენ ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ პატარა კვლევა და გამოვიდა იქ ექვსი ადამიანი, რაც არის 0.6 პროცენტი. ჩვენ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ მხოლოდ თბილისში. თბილისის მოზრდილ მოსახლეობაში, რომელიც არის დაახლოებით 860 ათასი.
ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემების ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელ მოსახლეობაზე. პრინციპში ეს ცოტაა, გაცილებით უფრო ცოტა, ვიდრე ნიუ-იორკში, სადაც ქალაქში იყო 21 პროცენტი და შტატში 13 პროცენტი.
ახლახან დაიდო მონაცემები და ლოსანჟელესში იყო 4 პროცენტი, სტოკჰოლმში, არა შვედეთში მთლიანად, არამედ სტოკჰოლმში ორი კვლევა ჩატარდა და ერთის მიხედვით იყო 7.5 პროცენტი და მეორე კვლევით 10 პროცენტი. ანუ ამ ქალაქებში შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში.
თუ გაინტერესებთ პროპორცია ავადმყოფებსა და სეროპოზიტიურებს შორის, დაახლოებით მსგავსია იქაც და აქაც. ანუ სეროპოზიტური ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 5-ჯერ, 7-ჯერ აღემატება ავადმყოფებისას, ეს ასეც უნდა იყოს ყველა ქვეყანაში და ყველა ინფექციაში ასე ხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.