თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს, ერთს კი მცირე სიმპტომები აღენიშნება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში საერთო ჯამში 24 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის სამი კორონავირუსით ინფიცირებული.
ცერცვაძის განმარტებით, ინფიცირებული სამი პაციენტიდან ორს რაიმე ჩივილი არ აქვს, ხოლო მესამე, ახალგაზრდა ქალს მშრალი ხველა და მომატებული ტემპერატურა აღენიშნება.
„24 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათ შორის სამი ინფიცირებულია. ორი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა კარგია, მათ არც ტემპერატურა აღენიშნებათ და არც რაიმე ჩივილი. ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობას რაც შეეხება, მას შემოსვლისას ჰქონდა მცირე სიმპტომები, ტემპერატურის მატება 37,3-ზე, 37,4-ზე, შემდეგ უკეთ იყო. დღეს მას აქვს მცირე სიმპტომები, მშრალი ხველა, ტემპერატურა 37,3-ზე, მაგრამ ეს განიხილება როგორც მსუბუქი შემთხვევა და ჯერჯერობით არანაირ შეშფოთებას არ იწვევს. გაგვიმართლა ჩვენც და მასაც, რომ საქმე გვაქვს მსუბუქ და არა მძიმე შემთხვევასთან. გარდა ამისა, ჩვენ საავადმყოფოში მკურნალობენ პაციენტები, რომლებიც იყვნენ მოყვანილნი უცხოეთში მოგზაურობის შედეგად. რამდენიმე მათგანს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, ტემპერატურა, ფილტვების ანთებაც, მაგრამ მათ არ აღმოაჩნდათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ისინი არ არიან ინფიცირებულებთან ამ განყოფილებაში, სხვა განყოფილებაში იმყოფებიან და უტარდებათ ჩვეულებრივი მკურნალობა რესპირაციული ინფექციის, ფილტვების ანთების, პნევმონიის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვეულებრივ გამოჯანმრთელდებიან, როგორც ასეთი ასეული და ათასი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არ იციან, რამდენ ხანში გაეწერება სახლში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი.
„რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომლებსაც დაუდგინდათ კორონავირუსი, მსოფლიოში ჯერ კარგად არავის აქვს დადგენილი, თუ რამდენ ხანში უნდა გაეწერონ ისინი, ჯერჯერობით ჩვენ ვხელმძღვანელობთ ასეთი კრიტერიუმებით – კლინიკურად და რადიოლოგიურად მთლიანად გამოჯანმრთელების შემდეგ, ანუ გადავიღებთ კიდევ ერთხელ ფილტვებს და თუ იქ არაფერი იქნება, ორი თანმიმდევრული ტესტის, ხახიდან აღებული ნაცხის, ორი თანმიმდევრული ნაცხის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ისინი გაეწერებიან. ეს ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს ერთი, ზოგიერთისთვის ორი,ზოგიერთისთვის სამი კვირა“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება ახალშემოყვანილებს, ცერცვაძის თქმით, რვა პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსის ტესტზე პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
„ხუთი გვიან შემოსული პაციენტის პასუხი კი საღამოს ათი საათისთვის იქნება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.