ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს სათაურით – „არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ“, რომლითაც ქვეყანაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის კრიტიკულ განცხადებას პასუხობს.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ჭიაბერაშვილი კომპეტენტური და ანგარიშგასაწევი ექსპერტია და მისი უკიდურესად ნეგატიური შეფასებები განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციითაა განპირობებული.
„ა.წ. 8 ივლისს ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუს უწოდებს სამწუხაროს და ტრაგიკულს?! საქართველოში COVID პანდემიას აფასებს, როგორც ძალიან ცუდად მართულს და ა.შ.
ბატონი ჭიაბერაშვილის პიროვნების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ შეფასებები ძალიან ტენდენციურია, საჭიროდ ჩავთვალეთ გვეპასუხა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა დავაფიქსირო, რომ ბატონი ზურაბი ულაპარაკოდ კომპეტენტური და ანგარიშგასაწევი ექსპერტია. მიმაჩნია, რომ ის კარგი ჯანდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ Amicus Plato, sed magis amica veritas („პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი“). მე მაინც მგონია, რომ მისი უკიდურესად ნეგატიური შეფასებები განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციითაა განპირობებული და მეტი არაფერი.
„ძალიან ცუდად მართული ეპიდემია“:
ბატონო ზურაბ! უნდა გავმიჯნოთ ზოგადად ქვეყანაში პანდემიის მართვა და კონკრეტულად COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ზოგადად პანდემია კარგად იმართება და მზად ვარ, ეს პოზიცია დავიცვა, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ მე როგორც COVID-19-ს შემთხვევების მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, უშუალოდ პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ პაციენტების ნაკადების მართვაზე და COVID ავადმყოფების მკურნალობასა და გამოსავლებზე და არა მთლიანად პანდემიის მართვაზე.
COVID პაციენტების ნაკადების მართვა რომ ქვეყანაში ძალიან კარგად ხდება, ამის უარყოფა ჩვენს ყველაზე მწვავე ოპონენტებსაც კი უჭირთ. ახალი შემთხვევების და აქტიური COVID ავადმყოფების სულ უფრო მზარდი და მაღალი რიცხვის მიუხედავად არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება სასწრაფო დახმარებას, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID სასტუმროებს და COVID კლინიკებს. ამის გაკეთება უჭირთ საქართველოზე უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი. ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, რომ საქართველოში COVID კლინიკებს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროებში) გარდაცვლილია მხოლოდ 44 ავადმყოფი, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ასეთები ასეულობით და ათასობითაა. არაფერს ვამბობ ინდოეთზე, სადაც ავადმყოფები სულ ახლახანს მასიურად კვდებოდნენ ბინებში, საავადმყოფოს ეზოებში, ქუჩებში. მიცვალებულების კრემაციას ახდენდნენ ქუჩებსა და ტყეში, ხოლო ვის კრემაციასაც ვერ აუდიოდნენ, მდინარე განგში ყრიდნენ. სამწუხაროდ, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ერთ-ერთ ჩვენს ოპონენტს ქალბატონ ნანა გეგეჭკორს დაეწერა, რომ საქართველოში ინდოეთზე უარესი COVID სიტუაციაა. ასე, რომ ჩვენი ოპონენტებისაგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს“, – აცხადებს ცერცვაძე.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, COVID ავადმყოფების მკურნალობისა და გამოსავლების შეფასების მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი მაჩვენებელი არის ყველა დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობა – ე.წ. CFR (case fatality rate).
„ეს მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე, არც შემთხვევების და სიკვდილობის საერთო რაოდენობაზე და არც პოლიტიკურ ორიენტაციაზე.
საქართველო ამ მაჩვენებლით (1,44%) სჯობნის აშშ-ს (1,79%) და ევროპის 34 ქვეყანას, მათ შორის ჩვენი რეგიონის 8 ქვეყნიდან 7-ს – ირანს (2,50%), რუსეთს (2,48%), მოლდოვას (2,41%), უკრაინას (2,35%), სომხეთს (2,01%) და აზერბაიჯანს (1,48%). ჩვენი რეგიონიდან ერთადერთი თურქეთი გვჯობნის (0,92%). ამას ჰქვია ძალიან ცუდი მართვა? მაშინ კარგი მართვა როგორი უნდა იყოს?
თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალება, ეს ინტეგრალური მაჩვენებელია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ კლინიკური მართვის და მკურნალობის ხარისხზე და მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემთხვევათა საერთო რაოდენობა, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და მაინც სერიოზულად გაზრდილი ახალი შემთხვევების მიუხედავად, მილიონ მოსახლეზე საქართველოს ჰყავს ნაკლები გარდაცვლილი (1386 გარდაცვლილი), ვიდრე აშშ-ს (1874 გარდაცვლილი) და ევროპის 26 ქვეყანას.
თუ თქვენ დამისახელებთ ერთ დარგს მაინც საქართველოში (მედიცინის დარგების ჩათვლით), სადაც საქართველო სჯობნის ამერიკას და ევროპის 34 ან თუნდაც 26 ქვეყანას, მე თქვენთან კამათს შევწყვეტ.
რაც შეეხება ექიმების ლანძღვას, ჩვენ არასდროს არავინ გაგვილანძღავს, ჩვენ მხოლოდ არგუმენტირებულ პასუხს ვცემდით ჩვენი ოპონენტების მცდელობას მოეხდინათ საქართველოში COVID-19-ის მართვის და COVID საწინააღმდეგო სამსახურის დისკრედიტაცია და საწინააღმდეგო ფაქტს ვერ დამისახელებთ. ეს ის ადამიანებია, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“ და თუ ქვეყანაში რაიმე კარგი კეთდება – აღიზიანებთ, ხოლო თუ რაიმე ცუდი ხდება – ახარებთ. რაც შეეხება იმ ექიმების, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, მიერ ასეულობით და ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს, ღიმილის მომგვრელია. ჩვენ ასეთი არაფერი ვიცით და თუ თქვენ მათ მიერ ერთ გადარჩენილ პაციენტს მაინც მაჩვენებთ, მადლობელი ვიქნები. ჩვენ აგრეთვე შევახსენებდით ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის უცხოეთში მოქმედ ქართველ ექიმებს, რომ თუ ჩვენ ასე ცუდად ვმუშაობთ, როგორ არის, რომ საქართველო ძირითადი COVID მაჩვენებლებით სჯობნის იმ ქვეყნებს, სადაც ისინი საქმიანობენ და მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. მხოლოდ ღიზიანდებიან. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ეს დაპირისპირება ეხება მხოლოდ რამდენიმე ექიმს და მათ გარდა არის უცხოეთში მოქმედი არაერთი ქართველი ექიმი, რომლებმაც სერიოზული დახმარება გაგვიწიეს COVID-თან ბრძოლაში, მაგ. ბატონი დავით მრელაშვილი, რომელიც აქტიურად გვეხმარებოდა ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, რამდენიმე თვით იყო ჩამოსული საქართველოში, პირადად (და არა ტელეფონით) მონაწილეობდა ბინაზე მყოფი COVID პაციენტების მართვაში. აგრეთვე მატერიალურადაც (აღჭურვილობით) ეხმარებოდა პირველადი ჯანდაცვის რგოლს.
რაც შეეხება ბატონ კალოიანს, ის, რომ მაღალკვალიფიციური რეანიმატოლოგია, არავინ დავობს და მე თვითონ არაერთგზის მაქვს აღნიშნული, მაგრამ მით უფრო დასანანი და სამწუხაროა, რომ ის გაუთავებლად იმეორებს სრულიად დაუსაბუთებელ და გაუგებარ ბრალდებებს. მათ შორის იმასაც, რომ „COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“ ???!!!. ამ დროს თვითონ მას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ქვეყანაში COVID პანდემიასთან ბრძოლისთვის. უფრო მეტიც – ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ შემოსულა. თუ მას ჩვენზე უკეთესად რაღაცის კეთება შეუძლია, ვინ უშლიდა ხელს, რომ დაენერგა ეს თავის კლინიკაში მაინც, რომელსაც ქვეყანაში COVID სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს – 11%. მაგალითისთვის, ჩვენს კლინიკაში COVID სიკვდილობის მაჩვენებელი 1,2%-ია და ეს კაცი კიდევ ჩვენ გვიწუნებს ყველაფერს. გარდა ამისა ბატონი კალოიანი თავის თანამოაზრე ექიმებთან, მათ შორის უცხოეთში მომუშავე სწორედ იმ ექიმებთან, ერთად, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ყველა ინიციატივას და ინოვაციურ მიდგომას, მათ შორის მედიკამენტების: რემდესივირის და ტოცილიზუმაბის გამოყენებას საქართველოში, იმდენად, რომ ჩემს ციხეში გაშვებასაც კი ითხოვდნენ?! ამის პირდაპირი შედეგია ის, რომ რიგი კლინიკები დღესაც არ იყენებენ რემდესივირს და ტოცილიზუმაბს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება, როგორც ჩვენთან, ისე უცხოეთის ყველა წამყვან ქვეყანაში. ეს ნორმალურია? და რა პასუხს აძლევენ ისინი იმ COVID ავადმყოფებს, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ მყოფმა ექიმებმა ამ მედიკამენტების გარეშე დატოვეს.
ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ ბატონი კალოიანი სისტემატურად მაკრიტიკებს ჩემი პოლიტიკაში ჩართულობისა და აქტიურობის გამო?! ანეკდოტია, რომ ამას ამბობს კაცი, რომელმაც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირადად იყარა კენჭი „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხმების მხოლოდ 3 (სამი)% მიიღო. ამ დროს მე არასდროს არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ ვყოფილვარ ჩართული და „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერი ვარ და გაუგებარია, თუ რატომ ითხოვენ ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები მაინც და მაინც ჩემგან, რომ აპოლიტიკური და ნეიტრალური ვიყო და იმავეს არ ითხოვენ სხვებისგან და თავის თავისგან“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.