თენგიზ ცერცვაძე - ზაფხულში ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ცალკეულ დამძიმებებს
თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და შესაბამისად, მძიმე პაციენტების რაოდენობამ შესამჩნვად იკლო. თუმცა, მისი თქმით, ეს სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა და საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა, რადგან ამ დაავადებას სწრაფი გართულება და დამძიმება ახასიათებს.
„ამ დაავადებას მრავალ ვერაგობასთან ერთად ახასიათებს ერთი გამოკვეთილი თვისება, განსხვავებით გრიპისგან და სხვა დაავადებებისგან, დაავადება ხშირად იწყება მსუბუქად ან უსიმპტომოდ და შემდეგ სწრაფად მძიმდება. შეიძლება, გახდეს მძიმე, კრიტიკული, მართვით სუნთქვაზე გადასაყვანი და შეიძლება, ლეტალურად დამთავრდეს სულ ერთ-ორ დღეში. ასეთი შემთხვევა უკვე ძალიან ბევრი დაგროვდა უცხოეთში, ასეთი შემთხვევები აქაც გვაქვს. ზედმეტ სიმშვიდეს ვამჩნევ ხალხს, ზაფხულში ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქია, მაგრამ ეს არანაირად გამორიცხავს, რომ ცალკეული შემთხვევები დამძიმდეს და გახდეს კრიტიკულად მძიმე, რაზეც მიუთითებს ისიც, რომ მცხეთაში ოთხი პაციენტი დამძიმდა და მათგან ერთი გარდაიცვალა. გვახსოვდეს მუდმივად, ყველა მსუბუქი პაციენტი პოტენციურად რისკის მატარებელი“, – განაცხადა ცერცვაძემ.