თენგიზ ცერცვაძე - ყველაზე გულდასაწყვეტია, როცა პაციენტი საკუთარი უყურადღებობის გამო მძიმდება სახლში ისე, რომ არ მიმართავს ექიმს, ჩვენი ანალიზის მიხედვით, ასეთი პაციენტების უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდებოდა
თენგიზ ცერცვაძე - ყველაზე გულდასაწყვეტია, როცა პაციენტი საკუთარი უყურადღებობის გამო მძიმდება სახლში ისე, რომ არ მიმართავს ექიმს, ჩვენი ანალიზის მიხედვით, ასეთი პაციენტების უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდებოდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ორ თვეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ანალიზის მიხედვით, დაავადების სიმძიმესა და გართულებებთან ერთად, ხშირად გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვა გახდა.

ცერცვაძის თქმით, ასეთი პაციენტები სიმპტომების მიუხედავად, კატეგორიულად არ მიმართავდნენ ექიმს, რადგან არ სჯეროდათ, რომ კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებული.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ძალიან გულდასაწყვეტია, როცა პაციენტი საკუთარი უყურადღებობის გამო მძიმდება და შემდეგ მისი გადარჩენა ვერ ხერხდება.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებით მივმართო მოსახლეობას, ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ორ თვეში გარდაცვალების შემთხვევების ანალიზი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველა იმ მიზეზის გარდა, რომელიც ცნობილია, ეს არის საკუთრივ დაავადების სიმძიმე, მისი სასიკვდილო გართულებები და ა.შ. სიკვდილის მიზეზი საკმაოდ ხშირად საქართველოში, ჩვენს სინამდვილეში არის არა ის, რომ ის ექიმმა დატოვა სახლში ან კლინიკამ ვერ მიიღო დროზე, ასეთი შემთხვევები ერთეულია, არის ის, რომ ის სახლში იყო, ჰქონდა დაავადება, კოვიდის ტიპური ნიშნები და მას არ სჯეროდა, არ უნდოდა დაეჯერებინა ის, რომ მას შეიძლება, კოვიდი ჰქონდეს. ისინი კატეგორიულად არ მიმართავდნენ ექიმს. ვიმეორებ, ეს არის არა ის შემთხვევა, როცა ექიმს მიმართე, მაგრამ ექიმმა დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, ეს ცალკე საკითხია, ვამახვილებ ყურადღებას იმ შემთხვევებზე და ავადმყოფებზე, რომლებიც ბინაზე რამდენიმე დღის, ერთი კვირის, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა, კოვიდისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, მაგრამ მაინც თვლიდნენ, რომ მათ აქვთ გრიპი, ან ფილტვების ანთება, სხვა რამე, არ მიმართავდნენ ექიმს, როცა მიმართავდნენ და მოყავდათ სასწრაფოთი სავადმყოოფში, ისინი უკიდურესად დამძიმებული იყვნენ, უკვე სჭირდებოდათ მომენტალურად მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, ინტუბაცია და ასეთი პაციენტების 80-90 პროცენტი იღუპებოდა. ეს არის ყველაზე გულდასაწყევტი შემთხვევა, რადგან როცა ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ავადმყოფობას ვერ ვერევით, რას იზამ, როდესაც ვთქვათ სასწრაფო დახმარება, ონლაინ ექიმები ან ჰოსპიტლები გადატვირთულია და რამდენიმე საათით ან შეიძლება ერთი ორი დღით ვერ ხერხდება პაციენტის მომსახურება, ცუდია, მაგრამ ობიექტურად ზოგჯერ ასე ხდება, თუმცა როცა პაციენტი საკუთარი უყურადღებობის და ოჯახის წევრების უყრადღებობის გამო მძიმდება სახლში ისე, რომ არ მიმართავს ექიმს, ეს არის ძალიან გულდასწყვეტი, რადგან ჩვენი ანალიზის მიხედვით, ასეთი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა მოხერხდებოდა, მათ რომ დაავადების დასწყისში მიემართათ საავადმყოფოსთვის. გთხოვ, გაითვალისწინეთ ეს მომენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.