თენგიზ ცერცვაძე - წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, გვექნება კორონავირუსის ერთეული შემთხვევები
წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანაში იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები.
„იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.