თენგიზ ცერცვაძე - წინსწრებით შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები და ჩემი მოლოდინია, რომ თავიდან ავიცილებთ ან გადავავადებთ მეორე ტალღას
მეორე ტალღას შევხდებით უკეთ მომზადებული, რადგან იმ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რომელიც მივიღეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა გარემოცვაში ვიმყოფებით, მეორე ტალღის რისკები, რა თქმა უნდა არის. პირდაპირ გეუბნებით, რა გარემოცვაში ვიმყოფებით. ეს მიუხედავად იმისა, ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის ქვეყნებს შორის, მაინც არის მიმოსვლა ამ ქვეყნებთან, სატვირთო გადაზიდვებია, ოფიციალური ვიზიტებია. ამიტომ რისკები, ბუნებრივია, არის. ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე და შევინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა და არ დავუშვათ მეორე ტალღის დაწყება, ან მაქსიმალურად გადავავადოთ ზამთრის პერიოდამდე, ამისთვის რამე ახალის გამოგონება საჭირო არ არის. ამაზეც წინასწარ იზრუნა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ და პირველ რიგში, პრემიერი, ბატონი გახარია წინსწრებით აკეთებს, დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს. მან წინსწრებით გაატარა საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ამას მივაღწიეთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, წინსწრებით შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომლებმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას.
„ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია. რისკები არის იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება ის რეგულაციები, რომლებიც გაწერილია ყველა მიმართულებით. გაწერილია, ვთქვათ, რეგულაციები მიმოსვლისთვის. გაწერილია, როდესაც გაიხსნება საზღვრები ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან. გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს მიმოსვლის დროს უსაფრთხოების კონტროლი. ერთიანი ეროვნული გამოცდები როგორ უნდა ჩატარდეს, ისიც გაწერილია. შიდა ტურიზმის გახსნის და შემდგომი განვითარების ყველა რეგულაცია გაწერილია და სასტუმროების დიდი უმრავლესობა, მე თვითონ დავრწმუნდი ამაში, რომ ამ რეგულაციებს ასრულებს. ეს რეგულაციები სრულდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამარშრუტო ტაქსებში, საქართველოს კურორტებზე. იგივე რესტორნებისთვის, მაღაზიებისთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მეორე ტალღის რისკები არსებობს, მაგრამ მისი მოლოდინია, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს სიტუაციას და მეორე ტალღის თავიდან აცილება, ან გადავადება მოხერხდება.
„ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფომ შეიმუშავა და რომლებიც ჯერჯერობით სრულდება. შეიძლება არ სრულდება ასი პროცენტით ისე, როგორც უნდა სრულდებოდეს. ზოგიერთ კომპონენტში, მაგალითად, ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება დაბადების დღეები, ხალხმრავალი ქორწილები. ქელეხები ალბათ არა, მაგრამ მაინც შეკრებები. კიდევ რაღაც-რაღაცები ვერ სრულდება, მაგრამ უმეტესწილად სრულდება. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ სულ ცოტა ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ მიღწეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნის შემდეგაც, ოღონდ მიმოსვლის გახსნაც უნდა მოხდეს გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას და მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. ლოგიკა გვკარნახობს, რომ თუ პირველი ტალღის დროს არანაირი გამოცდილება არ გვქონდა, იმას მომზადებული შეხვდა არამარტო ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურები და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ კლინიკური სექტორიც. შესანიშნავად გადაიტანა კლინიკურმა სექტორმა, დიდი რეზერვით მუშაობდა კლინიკური სექტორი, რაზეც გარდაცვლილთა ძალიან მცირე რიცხვი მიუთითებს. რა თქმა უნდა, მეორე ტალღას შევხვდებით მომზადებული. შევხდებით უკეთ მომზადებული იმიტომ, რომ იმ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რომელიც მივიღეთ და რაც სწორად გავაკეთეთ, ისევ გავაკეთებთ. რაც სწორად არ გავაკეთეთ და რაშიც გვქონდა ხარვეზები, იმას გამოვასწორებთ. ასე რომ, გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა იქნება და თუ ეს არ იქნება რაღაც კატასტროფული, როგორც სომხეთში, ან იტალიაში იყო თავის დროზე. ისეთ ჩვეულებრივ, ნორმალურ, ზომიერ მეორე ტალღას საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.