თენგიზ ცერცვაძე - ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით მოვათავსებთ თვითიზოლაციაში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დღეს ბინაზე გაეწერა.
„პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერაც ცოტა გაგვეწელა, გაგვიჭიანურდა, დიდი ხნის მოლოდინი იყო ჩვენი, თქვენი, საზოგადოების, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. დღეს განმეორებითი გამოკვლევის პასუხიც ლუგარის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი, პაციენტი გაეწერა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში შემუშავებული წესის თანახმად, ის 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.
„ზოგ ქვეყანაში არის ეს წესი, ზოგან არა. ზოგ ქვეყანაში პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელებულად ითვლებიან, წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია, თავისუფალია. ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო სწორია – პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე თვითიზოლაციაში, არ გავა არც სამსახურში, არც შევა სხვებთან კონტაქტში. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ ხელახლა სიმპტომები და შეაბრუნეს კლინიკებში. ჯერ არ იციან, არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელება, იყო ვირუსის მტარებელი და შემდეგ შეუბრუნდა, თუ ხელახლა დაინფცირდნენ. ვიდრე ეს არ დაგვიდგენია, ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით მოვათავსებთ თვითიზოლაციაში“ ,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.