თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება მაქსიმუმ 2000-ის ფარგლებში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს ან იქნება მაქსიმუმ 2000-ის ფარგლებში.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი.
„ჩემი ვარაუდით, საქართველოში შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ისა და 2000-ის ფარგლებში, მაშინ, როდესაც სხვაგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში, ეს არის 20 ათასზე, 30 ათასზე მეტი და ზოგან 100 ათასზე, 200 ათასზე მეტი. პიკს მივაღწევთ ორი-სამი კვირის შემდეგ. ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირა. თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთის გვერდით დგომა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.