თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის პანდემია მომავალ ზაფხულამდე გაგრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსული პანდემია დამთავრდება მაშინ, როცა შეიქმნება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი.
„პანდემიის ვადები არავინ იცის. ჩემი სუბიექტური აზრია, თუ იქნება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, ეს დამთავრდება მაშინ, როცა გაჩნდება ვაქცინა, სავარაუდოდ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. თუ ვერ შექმნეს ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, მაშინ არავინ იცის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს გაგრძელდება კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე. ეს არის სუფთა ჩემი ვარაუდი, რადგან ამისი რაიმე ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძე ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, თუმცა გაცილებით სუსტი.
„ისევ ჩემი სუბიექტური აზრით, მეორე ტალღა ალბათ იქნება, მაგრამ ის იქნება გაცილებით სუსტი, ვიდრე პირველი ტალღა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალის, ექიმების, პირველ რიგში ეპიდემიოლოგების, მკურნალი ექიმების და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი, ძალიან რაციონალური და ეფექტიანი ინტერვეციების ხარჯზე, რომლებიც იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური, დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო – ევროპაში საუკეთესო შედეგი საქართველოში.
ამ ბოლო დროს ხაზს ვუსვამ ერთ რამეს, საქართველომ რა შედეგიც დადო, ეს იყო არა მარტო ავადობისა და სიკვდილობის მცირე რიცხვი, არამედ ყველაზე დასაფასებელი შეიძლება იყოს, რომ საქართველოს, მისი ექიმებისა და სახელისუფლებო ვერტიკალის საპასუხო ღონისძიებები გამოდგა მდგრადი. რაში გამოიხატება ეს მდგრადობა? იმაში, რომ ყველა სხვა ქვეყანამ, ვინც შეზღუდვები მოხსნა, გაიარა ასე თუ ისე მეორე ტალღა ან მისი მსგავსი სიტუაცია, როდესაც შემთხვევებმა მოიმატა და იძულებულები გახდნენ, შეზღუდვების რაღაც რაოდენობა დაებრუნებინათ. ასეა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, განსაკუთრებით ისრაელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან შეზღუდვების მოხსნას, პრაქტიკულად სრულ მოხსნას, თუ საერთაშორისო ტურიზმს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად არავითარი მატება არ მოყოლია. ე.ი. ის ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებდნენ ექიმები და სახელისუფლებო ვერტიკალი, გამოდგა მდგრადი, ძალიან მდგრადი. აი, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო შეინარჩუნებს ასეთ ან მიახლოებულ მდგომარეობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.