თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის პროცესს როგორც კი დავასტაბილურებთ, პოსტკოვიდურ კვლევაში ჩართულ ავადმყოფთა რაოდენობას გავზრდით
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პოსტკოვიდური კვლევა წარმატებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, როგორც კი ვაქცინაციის პროცესი დასტაბილურდება, კვლევაში ჩართულ პირთა რაოდენობა გაიზრდება.
„ბოლო დღეებია, მთლიანად გადართული ვართ ვაქცინაციაზე, ამიტომ პოსტკოვიდი ცოტა ყურადღების მიღმა დაგვრჩა. თუმცა კვლევები გრძელდება. არ ვიცი, მგონი, 20-30 ავადმყოფი უკვე გვყავს. მთელი ჩვენი ძალები, ექიმები, მათ შორის ინტელექტუალური ძალები გადართულია ვაქცინაზე.
პოსტკოვიდური კვლევა წარმატებით მიმდინარეობს. დაახლოებით 30 ავადმყოფია გამოკვლეული. როგორც კი ვაქცინაციის პროცესს დავასტაბილურებთ, პოსტკოვიდურ კველვაში ჩართულ ავადმყოფთა რაოდენობას გავზრდით. როგორც იყო თავიდან მოხსენიებული, პოსტკოვიდური კვლევა დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც სრულყოფილი შედეგი გვექნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.