თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციაზე და პირბადეებზე უარს თუ ვიტყვით, საქართველოში მესამე ტალღა ახლო მომავალში დაიწყება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მალე დაიწყება, თუ მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე.
ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას, „თუ ამ ტემპებით გაგრძელდება ვაქცინაცია, როდისთვის ვარაუდობთ მესამე ტალღას“.
„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში. გერმანია ფრთხილობს ძალიან, კანცლერმა მერკელმა გააკეთა განცხადება, ის შეხვდა მხარეების პრემიერ-მინისტრებს და გაახანგრძლივა ლოკდაუნი 28 მარტამდე, რადგან ელოდებიან მესამე ტალღას. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.