თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, სამი ათასი ადამიანი დღეში უნდა ავცრათ, დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია ხუთი ათასი ექიმი, რაც ძალიან ცოტაა
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, სამი ათასი ადამიანი დღეში უნდა ავცრათ, დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია ხუთი ათასი ექიმი, რაც ძალიან ცოტაა

პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან, ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში, მისი პირველი მომხმარებელი იქნება საქართველო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, „ნოვოვაქსი“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა იქნება.

„ველოდებით, რომ 22 მარტს შემოვა ახალი პარტია „ფაიზერის“, შემდეგ შემოვა 80 000 ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“. რამდენადაც ვიცი, უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. შემდეგ, თუ იქნება საერთაშორისო აღიარება, შესაძლოა, საერთაშორისო აღიარების და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან, ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში, მისი პირველი მომხმარებელი იქნება საქართველო, როგორც ამბობენ. გავეცანი დოკუმენტაციას და მჯერა, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით, ვიდრე ყველა დანარჩენი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, მაგრამ მაინც მიდის. დღეისთვის, უკვე აიცრა 3 000-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 4 000-მდე, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, 3 000 დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 60-65 პროცენტს. დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია 5 000 ექიმი, რაც ძალიან ცოტაა. ვაქცინა არის უსაფრთხო. ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დროებით მისი გამოყენება შეაჩერა, დაივიწყეთ. გაკეთდა ოფიციალური დასკვნები, გაერო-ს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოსი და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და სიკვდილის კავშირი ვაქცინასთან. დღეს გაკეთდება საბოლოო მოხსენება“, – განაცხადა ცერცვაძემ.