თენგიზ ცერცვაძე - უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ იქნება შემთხვევათა ზრდა, დღეში რამდენიმე ათეული, შემდეგ მივაღწევთ პიკს
თენგიზ ცერცვაძე - უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ იქნება შემთხვევათა ზრდა, დღეში რამდენიმე ათეული, შემდეგ მივაღწევთ პიკს

ჩვენ მოვახერხეთ მთავარი, არ დავუშვით ეპიდემიის დრამატული სწრაფი ზრდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თუმცა, როგორც ცერცვაძე  აცხადებს, ის არ ფიქრობს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება წავიდეს.

„ჩვენ მოვახერხეთ მთავარი, რომ არ დავუშვით ეპიდემიის დრამატულად სწრაფი ზრდა, რათა გვქონოდა არა რამდენიმე ასეული, არამედ რამდენიმე ათეული შემთხვევა. მაგრამ ის, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება კლება წავიდეს, პირადად მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა განსხვავებული აზრის არის.

მიმაჩნია, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იქნება კიდევ ზრდა, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე ათეული დღეში და არა რამდენიმე ასეული. შემდეგ მივაღწევთ პიკს და ეს პიკი მინდა იყოს პლატო და არა ციცაბო. შემდეგ ეს პლატო გაგრძელდება, სავარაუდოდ, ერთი, ორი, სამი კვირა და მერე უნდა წავიდეს დაღმავალი გზით ეპიდემია. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც შესაძლოა, განპირობებულია სურვილით, რომ მინდა ასე იყოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.