თენგიზ ცერცვაძე - თავს არ მივცემ უფლებას, ეკლესიას რჩევები, მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ აუცილებელია, შესრულდეს რეკომენდაციები
თენგიზ ცერცვაძე - თავს არ მივცემ უფლებას, ეკლესიას რჩევები, მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ აუცილებელია, შესრულდეს რეკომენდაციები

ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, უდიდეს პატივს ვცემ და თავს არასოდეს მივცემ უფლებას, მათ რამე რჩევები, მით უმეტეს, მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველა შემთხვევაში აუცილებელია, შესრულდეს ის ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში მოქმედებს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„ეს არის სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სადაც შესაძლებელია, ბინაში დარჩენა, თუნდაც იგივე რელიგიური რიტუალების ბინაში აღსრულება და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს ერთი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, თუ როგორ შევალთ შემდეგ ორ კვირეულში, ანუ პიკის პერიოდში. მგონია, რომ დღეს არსებულ განწყობათა სხვადასხვაობის მიუხედავად, მთავრობა, საპატრიარქო და მრევლი აღდგომის უდიდესი დღესასწაულისთვის შეჯერებული პოზიციით მივლენ და ისე მოიქცევიან, როგორც ეს უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოიქცეს ერთი მხრივ ხელისუფლება, მეორე მხრივ კი საპატრიარქო და მრევლი, რადგან პიკის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება დიდი საეკლესიო დღესასწაული.