თენგიზ ცერცვაძე - სწორი ტესტირება ნიშნავს, რომ სწორად შერჩეული ალგორითმით გამოარჩიო, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დაავადება და გატესტო
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სწორი ტესტირება ნიშნავს, რომ სწორად შერჩეული ალგორითმითა და პრინციპით გამოარჩიო, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დაავადება და გატესტო.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან სწრაფი ტესტების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, რომ მათ ცენტრში ასეთი ტესტები არაა საჭირო.
„სწრაფი ტესტები უკვე არის ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი, ოთხი ათასი სწრაფი ტესტი იყო სამი დღის წინ და ყოველ სამ დღეში ელოდებოდნენ უფრო და უფრო დიდ პარტიას. ჩვენ არ გვჭირდება სწრაფი ტესტები. ჩვენ „კოვიდის“ ცენტრი ვართ და ჩვენს ტესტირებას ვაკეთებთ ოქროს სტანდარტით, ანუ „პისიარ“ მეთოდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველში ტესტირება სწორად კეთდება, რასაც არსებული მონაცემები მიუთითებს.
„სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ თუ თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მილიონ-ნახევარს კი არ გაუკეთო ტესტირება, რასაც უბრალოდ, ვერ შეძლებ. ყველაზე მეტი ტესტირება გაკეთებულია ისლანდიაში და სულ მოსახლეობის 4,75 პროცენტი მოიცვეს ამ ტესტირებით, მეტი ვერა.
სწორი ტესტირება ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეული ალგორითმით და პრინციპით გამოარჩიო ამ მილიონ 200 ათასიდან ის თუნდაც 10 ათასი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება და ის 10 ათასი გატესტო. ეს ჩვენთან სწორად რომ კეთდება, ამას მიუთითებს ეს მონაცემები. ეს იმდენად მიუკერძოებელი და შეუვალი მონაცემებია, რომ აქ ვერაფერს ვერ იზამ. იცით, ალბათ, რომ ამერიკის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა გამოცემა „ფორინ პოლისმა“ საქართველო დაასახელა სამ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. იმასაც ხედავთ, როცა ამერიკიდან შენიშვნები, კრიტიკა მოდის, როცა საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათ დაასახელეს სამ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. ხოლო „ფოქსნიუსმა“, ასევე უდიდესმა სააგენტომ მსოფლიოში, რამდენადაც ვიცი, პრემიერ გახარიას ჩამოართვა ინტერვიუ და პირდაპირ დაუსვა ეს კითხვები, ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის დაასახელა საქართველო და რითი მიაღწიეთ ამას? – აი, ეს ჰკითხეს გახარიას და პრემიერის საკმაოდ დიდი, ვრცელი პასუხია“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.