თენგიზ ცერცვაძე - სტაბილური ეპიდვითარების შესანარჩუნებლად და უფრო გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე უარი, გვჯერა, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია ბოლო დღეებში საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა ეპიდსიტუაცია ჯერ კვლავ სტაბილური რჩება.
მისივე თქმით, მიღწეულის შესანარჩუნებლად და უფრო გასაუმჯობესებლად აუცილებელია, მოსახლეობამ უარი თქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძე გავრცელებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა „კოვიდ-19“-ის პანდემიას კარგად უმკლავდება.
„ენდიაის“ ბოლო გამოკითხვით, რომელსაც ხელისუფლებისადმი მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ, მოსახლეობის 68 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა „კოვიდ-19“-ის პანდემიას კარგად უმკლავდება და მხოლოდ 27 პროცენტი მიიჩნევს პირიქით და ეს მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სერიოზული ეკონომიკური და სოციალური სიძნელეებისა, რომელიც სერიოზულ უხერხულობას უქმნის მოსახლეობას.
საქართველომ ვაქცინის არქონის და მინიმალური შეზღუდვების პირობებშიც კი მოახერხა „კოვიდ-19“-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზება და სადღეისოდ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის აქვს „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, რამეთუ მთელ მსოფლიოში აღინიშნება „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი მატება. სულ უფრო აქტიურად ისმის ლაპარაკი პანდემიის მესამე ტალღაზე და რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ან აპირებენ, მიიღონ გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების და მორიგი ლოქდაუნების გამოცხადების თაობაზე, რაც ძალიან მტკივნეული იქნება მოსახლეობისათვის. ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია (ჯერ მხოლოდ ტენდენცია) ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური. მიღწეულის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად აუცილებელია, მოსახლეობამ უარი თქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში.
ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკლებლივ ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამით ჩვენ შევძლებთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკის აღმავლობას და თავიდან ავიცილოთ ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ ბოლო ერთი წლის მანძილზე. გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.