თენგიზ ცერცვაძე - სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო, ევროპის არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია, ცხელების ცენტრი საქართველოს ნოუჰაუა
სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო, სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ცხელებისა და კოვიდცენტრები, დამიჯერეთ, არც ერთ ევროპის ქვეყანას არ ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ტესტების რაოდენობა იზრდება. თქვენ ხედავთ, რომ თუკი ორი-სამი ასეული ტარდებოდა წინა დღეებში, ახლა უკვე 1500-ს გადაცილდა და მალე 3000 იქნება. მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვი, ასე ირწმუნებიან სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გაუტოლდება ევროპის ლიდერის, გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს. უკვე ორი ათასს მიაღწია ჩვენთან ტესტირების რაოდენობამ, გერმანიაში დღეში სამი ათასი ტესტი ტარდება. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ იმას, ვინც საჭირო იყო. ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო, სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ცხელების ცენტრი და კოვიდცენტრი, დამიჯერეთ, ევროპის არც ერთ ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია. ცხელების ცენტრი საქართველოს ნოუჰაუა. ამან, როგორც ჩანს, იმუშავა, რადგან ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არა, ეს მიუთითებს, რომ მცირე ტესტებითაც ვიკვლევდით იმ ავადმყოფებს, ვისი გამოკვლევაც იყო საჭირო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.