თენგიზ ცერცვაძე - სინამდვილეში, საქართველოში ძალიან ცოტაა ჭეშმარიტად უსიმპტომო პაციენტი, შეიძლება, ერთი-ორი პროცენტი იყოს
სინამდვილეში, საქართველოში ძალიან ცოტაა ჭეშმარიტად უსიმპტომო პაციენტი, შეიძლება, ერთი-ორი პროცენტი იყოს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
„ძალიან ბევრი უსიმპტომოს ეძახის იმას, თუ მცირე სიმპტომი აქვს. მაგალითად, 37.1 აქვს ტემპერატურა ან ცოტათი ახველებს, ცოტა ყელი სტკივა, ან რაღაც ასეთი. ამას არ ვამბობ. სინამდვილეში, ძალიან ცოტაა აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურაც ნორმალური აქვთ და „კოვიდ-19“-ის არც ერთი სიმპტომი არ აქვთ. შეიძლება, სულ ერთი-ორი პროცენტი იყოს, მეტი არა. მსუბუქები და მცირე სიმპტომიანები კი გაცილებით მეტია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ხშირია საქართველოში დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევები.
მისი თქმით, საერთაშორისო სტატისტიკითაც და ქართული გამოცდილებითაც, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არის დიდი უმრავლესობა, 80 პროცენტი.
„80 პროცენტი მოდის მსუბუქ და საშუალო სიმძიმეზე. მათ შორის გაყოფა ძნელია და არ მომხდარა. დაახლოებით, 14-15 პროცენტი მოდის მძიმეზე, მაგრამ არა კრიტიკულზე. ძირითადად, ეს არის ის ხალხი, ვისაც მძიმე პნევმონია აქვს და აუცილებლად საჭიროებენ მკურნალობას, მაგრამ კრიტიკულად მძიმეები არ არიან. ანუ, არ არიან ჟანგბადდამოკიდებულები და ინტენსიური თერაპიის ღონისძიებებს არ საჭიროებენ. ისეთები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის ღონისძიებებს საჭიროებენ, მსოფლიო სტატისტიკით ხუთი პროცენტია, ქართული სტატისტიკით კი ოთხი პროცენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეკითხვაზე, რას უკავშირდება სამი ახალი შემთხვევა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ, გასვლის დღეს დატესტეს, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ, თუმცა, კოვიდდადებითები აღმოჩდნენ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები მთელ მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.