თენგიზ ცერცვაძე - შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი და ჩართული მკურნალობაში, რაც ნულამდე დაიყვანს გადაცემას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია.
მისივე თქმით, მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია დღეს გადაიქცა კარგად მართვად, ჩვეულებრივ ქრონიკურ ინფექციურ დაავადებად.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოლენილი და ჩართული მკურნალობაში, რაც ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას.
„აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით, სადღეისოდ საქართველოში აღინიშნება ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია. დაახლოებით ერთ დონეზეა ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, მაგრამ ძალიან დიდია პროგრესი აივ ინფექცია/შიდსის მართვაში თანამედროვე მედიკამენტებით, მიდგომებით. კმაყოფილებით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო, აივ ინფექციით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია ფატალური დაავადებიდან, როგორადაც ის ითვლებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, დღეს გადაიქცა კარგად მართვად, ჩვეულებრივ ქრონიკულ ინფექციურ დაავადებად. სწორი მიდგომის შემთხვევაში, თუ პაციენტი ძალიან დაგვიანებით არ მიმართავს ექიმს, ისმენს რეკომენდაციებს და ასრულებს მათ, პაციენტის სიცოცხლის ხანგძლივობაზე ეს დაავადება გავლენას ვერ მოახდენს. პრაქტიკულად დაძლეულია სტიგმა და დისკრიმინაცია. უკვე ყველამ გაიგო, რომ შიდსი არ გადაეცემა საყოფაცხოვრებო კონტაქტებით. საზოგადოება გახდა ტოლერანტული და ეს დაავადება აღარ ქმნის სერიოზულ დისკომფორტს მათ ცხოვრებაში.
შორს არ არის დრო, როდესაც აინვ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. დღეს ის არის კარგად მართვადი ქრონიკული ინფექციური დაავადება. იმედს ვიტოვებთ, ახლო მომავალში ის გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. 2025 წელს ჩვენ გვაქვს სამიზნე, რომ დაძლეულ იქნას შიდსის ეპიდემია. რა იგულისხმება ამაში: სწორი, ეფექტური და დროული მკურნალობის შედეგად, თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე, ის არ არის გადამდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ 2025 წლისთვის დავისახეთ მიზნად ის, რაც 2030 წლისთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი – რომ შიდსი აღარ იქნება, ან თითქმის აღარ იქნება ახალი შემთხვევები. ანუ, ყველა აივ ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი 2025 წლისთვის, ყველა უნდა იყოს მკურნალობაზე, რაც ნულამდე ან თითქმის ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას და აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს. ეს იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, დაძლეულ იქნას აივ ინფექციის ეპიდემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კოვიდმა მოახდინა გავლენა და ბოლო სამ წელიწადში შემცირდა აივ ინფიცირებულების გამოვლენა.
„წინა წლებში თუ იყო წელიწადში 600-დან 700-მდე შემთხვევის გამოვლენა, კოვიდის დროს იყო დაახლოებით 500-ის ფარგლებში. წელს უკვე უბრუნდება თავის ჩვეულ ნიშნულს, დღეისთვის გამოვლენილი გვაქვს 552 შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 600-მდე გაიზრდება“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.