თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ ინფიცირების სერიოზული ზრდა თუ არ გამოიწვია, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმება შესაძლებელი იქნება
თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ ინფიცირების სერიოზული ზრდა თუ არ გამოიწვია, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმება შესაძლებელი იქნება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღება.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, 22 მაისის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს, ცერცვაძე ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე მცირედით მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ. ვიმედოვნებ, 11 მაისიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სირთულეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური კლინიკის დირექტორი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ მდგომარეობას შეინარჩუნებს.

„ვფიქრობ, ჩვენ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სიფრთხილის სამი ზომა შევინარჩუნოთ: ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება. ეს არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი დაარღვიოს. სამაგიეროდ, ამან შეიძლება, უზრუნველყოს, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება აღარ დაგვჭირდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.