თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების გამკაცრებას არ ვემხრობი, ეს წარსულია, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას
კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 50 ათასის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი ციფრია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკური სექტორი უკვე გადატვირთულია, თუმცა ამჟღავნებს ძალიან დიდ მდგრადობას.
„ეს გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, ჯერჯერობით არც ერთი ავადმყოფი არ დარჩენილა სამედიცინო მომსახურების გარეშე. რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, ძალიან მაღალია ჩვენი ზომის ქვეყნისათვის, მაგრამ გლობალურად თუ მიუდგებით და შეადარებთ სხვა ქვეყნებს, ბევრი სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვერ უჩვენებს გარდაცვალების ასეთ დაბალ მაჩვენებელს, როგორც ჩვენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან სამი ფაქტორია, რამაც შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა შეამციროს: ეს არის ვაქცინირებულთა რაოდენობა, პირბადის გამოყენების პროცენტი და ხალხმრავალი თავყრილობები. ამ სამიდან რას აკეთებს საქართველო? თითქოს საღი განსჯის უნარი დაკარგა მოსახლეობამ და აკეთებს ყველაფერს საპირისპიროდ. ვაქცინაციის დონე კი არ იმატებს, არამედ მცირდება, რაც წარმოუდგენელია, როცა ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი; პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპასა და აშშ-ში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია; ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები. ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგი, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.
შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე არ ვემხრობი. ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას. ამაზე მე პირადად ვსაყვედურობ ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.