თენგიზ ცერცვაძე - შემთხვევების რაოდენობასთან მიმართებაში გარდაცვალების რაოდენობა სულაც არ არის მომატებული
შემთხვევების რაოდენობასთან მიმართებაში გარდაცვალების რაოდენობა სულაც არ არის მომატებული, – ასე უპასუხა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა ხარვეზები პანდემიის კლინიკურ მართვაში და უკავშირდება თუ არა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ამ ხარვეზებს.
„ეს რომ ასეა, გეტყვით ამის ძალიან მყარ არგუმენტს, რომელსაც წყალი არ გაუვა – საერთოდ, ქვეყანაში პანდემიის მართვის ეფექტიანობა ითვლება იმით, რამდენია ახალი შემთხვევა და რამდენი გარდაცვლილთა რაოდენობა. აი, ამით ფასდება ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ რაც თქვენ მკითხეთ, ხომ არ არის ხარვეზი კლინიკურ მართვაში, მინდა, იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ კლინიკური მართვის ხარისხი ფასდება გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაზე გავლენას ახდენს უპირველეს ყოვლისა, შემთხვევების საერთო რაოდენობა და ვაქცინაციის რაოდენობა. კლინიკური მართვის ხარისხი ერთადერთი მაჩვენებლით ფასდება და ეს არის ე.წ CFR-ი, რაც ჩვეულებრივ, არასამედიცინო ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს ყველა კოვიდავადმყოფს შორის გარდაცვალების პროცენტს. კლინიკური მართვა და კლინიკა პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ იმაზე, თუ ყველა ავადმყოფიდან რამდენი გადაარჩინა და რამდენი ვერ გადაარჩინა, თორემ ის, რომ ავადმყოფთა რაოდენობა კატასტროფულად ბევრია, ამაზე კლინიკური მართვა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ყველაზე იდეალური კლინიკური მართვის შემთხვევაშიც კი, თუ შემთხვევები ძალიან ბევრია, მაგალითად, ხუთჯერ მეტი, ვიდრე მეორე ტალღის დროს იყო, იგივე კლინიკური მართვის ხარისხის პირობებში გარდაცვალებაც ხუთჯერ მეტი იქნება.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში გარდაცვლილთა პროცენტი არის 1,44% და ეს მაჩვენებელი ჩვენთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ, აშშ-ში, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანაში და ასევე არის ევროპის 32 ქვეყნის მაჩვენებელზე ნაკლები.
„ერთ მაგალითს გეტყვით – გერმანიაში, კოვიდის მართვაში ევროპის და მსოფლიოს ლიდერ ქვეყანაში, გარდაცვალების მაჩვენებელი, ანუ CFR-ი არის 2, 3, ხოლო ჩვენთან 1, 45. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ასი ავადმყოფიდან, გერმანიაში ვერ ხერხდება ორი და მეტი, 2,3 ავადმყოფის გადარჩენა და ხერხდება მხოლოდ 98 ავადმყოფის, 98%-ის გადარჩენა, საქართველოში კი ვერ ხერხდება მხოლოდ 1,4 ავადმყოფის გადარჩენა და ხერხდება 98,6 ავადმყოფის გადარჩენა. აი, ეს არის რეალობა – საქართველოში გადარჩენის მაჩვენებელი არის უფრო მაღალი, ვიდრე ევროპაში და აშშ-ში და არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო მეორე პიკის დროს. ანუ, კლინიკური მართვის ხარისხი მაშინაც ძალიან კარგი იყო და ახლაც არის კარგი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ცნობილია თუ არა კლინიკური მართვის მონიტორინგის წინასწარი შედეგები, რაც ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის და მიზეზების დასადგენად ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს არის სერიოზული კვლევა, რომელსაც დრო სჭირდება და ჯერჯერობით, ეს მონაცემები არ არსებობს.
მისივე თქმით, CFR-ის მნიშვნელობა ბევრს უბრალოდ, არ ესმის, მაგრამ ბევრს გაცნობიერებული აქვს და ამაზე ყურადღებას სპეციალურად არ ამახვილებს.
„ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომლებსაც სამწუხაროდ, უხარიათ, რომ საქართველოში რამე მაჩვენებელი ცუდი იყოს და სწყინთ, როდესაც რომელიმე მაჩვენებელი კარგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.