თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სერიოზული ეპიდსიტუაციაა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება, შემთხვევების რაოდენობის მხრივ კი, საქართველო მსოფლიოში ლიდერთა ჯგუფშია.
„რატომ მოხდა ეს? ჩვენ სისტემატურად ვიმეორებდით, ამის მიზეზია ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა, დარჩენილია მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება. არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა პრაქტიკულად არავინ ატარებს პირბადეს. იმის მაგივრად, თავი შეგვეკავებინა, ყოველდღე მეტი და მეტი ხალხმრავალი ღონისძიება ტარდება. საუბარია სხვადასხვა დანიშნულების კულტურულ თუ პოლიტიკურ შეკრებებზე, სოციალურ ღონისძიებებზე, ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე და სხვა. ამას დაემატა ის, რომ ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მექანიზმების კონტროლის მონიტორინგის. ჯარიმები გაუქმდა, ჰუმანური მიდგომა გაკეთდა ჯარიმებთან დაკავშირებით. ეს ყველამ ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა, ისე კი არ მოიქცა, რომ მას ერთხელ აპატიეს, პირიქით, თითქოს ეს შეიძლება და ამ მავნე პრაქტიკას აგრძელებენ. გუშინ მთავრობამ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სერიოზული შეზღუდვები და ლოკდაუნი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ლოკდაუნი გამორიცხულია და რაც მთავარია, კონტროლის გაძლიერება მოხდება მხოლოდ აღსრულების მექანიზმზე.
ცერცვაძის განმარტებით, დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ რეგულაციები აუცილებლად მოიტანს შედეგებს.
„რაც შეეხება გარდაცვალების მაღალ ციფრებს. გარდაცვლილები დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. აბსოლუტურ განზომილებაში ბევრია რიცხვი. თუ შევადარებთ საერთო რაოდენობას, პროცენტულად ბოლო ერთ კვირაშიც კი, სიკვდილიანობა არ გასცდენია ერთ პროცენტს. ყველა აქტიური შემთხვევიდან 99%-ის გადარჩენა ხერხდება. ანუ აქცენტი კეთდება ბუნებრივია, გარდაცვლილი ერთზე და არა გადარჩენილ 99%-ზე. მთლიანად საქართველოს ევროპაში აქვს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ არ გავითვალისწინებთ ბოლო ორ კვირას. ბოლო ორ კვირაში ეს განაპირობა შემთხვევების მკვეთრად ზრდამ და ვაქცინაციის დაბალმა მაჩვენებელმა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინით მოცვა.
„ამ ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სიკვდილის შემთხვევები. ვაქცინა პირველ რიგში იცავს სიკვდილისგან და შედარებით ნაკლებად დაავადების გადადებისგან, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი გზა იმისი, რომ შემცირდეს ახალი შემთხვევები და სიკვდილობა, არის მასობრივი ვაქცინაცია. უნდა იყოს სულ ცოტა 25-30 ათასი ვაქცინაცია დღეში. მინდა, მოვუწოდო ყველას, კარგია „ფაიზერი“, თუმცა ნუ ჩავიკეტებით მარტო „ფაიზერზე“. ყველა ვაქცინა კარგია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვაქცინირებულის სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა. სერიოზული ინსტიტუტების მიერ დადებულია სტატისტიკა, რომ ახალი შემთხვევების პიკს ორ კვირაში მოსდევს გარდაცვალების მაჩვენებლის პიკი. ჩვენ დავდივართ ყველა წამყვან კლინიკებთან, თუ სადმე შეკითხვაა ან ხარვეზი, ყველაფერს ვასწორებთ. ყველა კლინიკაში გამოიყენება ფართოდ სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“. ფართედ გამოიყენება „რემდესივირი“. არის საუბარი იმაზე, რომ კლინიკური კვლევისთვის ახალი მედიკამენტები შემოვიდეს, მონოკლონური ანტისხეულები, ეს შეამცირებს სიკვდილობის შემთხვევებს. არის ბევრი, როგორც მენეჯერული, ასევე საექიმო შესაძლებლობები, რომლებსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, რათა გარდაცვალებათა რიცხვი არ გახდეს 70 და 80, თუმცა მაინც, მაშინაც კი, ამ გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი შემთხვევებთან შედარებით იქნება დაბალი, ხოლო გადარჩენის იქნება მაღალი, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებლები არ არის მნიშვნელოვანი, ის, რომ გარდაცვლილია 54 ადამიანი და შეიძლება იყოს მეტი, მათთვის მთავარი ეს არის.
ამისათვის საჭიროა, მოსახლეობა დაგვიდგეს გვერდით. რა მოიტანა კარგი, ამ შემთხვევების ასეთმა დრამატულმა ზრდამ?! პაროდოქსია ხო, კარგი რა უნდა მოეტანა მაგრამ, რა მოიტანა?! ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკურმა სექტორმა გაუძლო ძალიან სერიოზულ დატვირთვებს. დღეს საქართველოში არის 43 000 აქტიური კოვიდავადმყოფი, ეს ამდენი კოვიდავადმყოფი უნდა იყოს მართული და დაბინავებული ისე, რომ ყველამ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ გაზრდილ რაოდენობას მართავს ძალიან დიდი წარმატებით.
„მიუხედავად ასეთი გადაძაბვისა, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ნოემბერ-დეკემბრისგან, ჯანდაცვა უმკლავდება ძალიან კარგად. ნუ გამოვეკიდებით ერთეულ შემთხვევებს, რომ სასწრაფომ დაიგვიანა. ძირითადში ყველა ავადმყოფი იღებს საჭირო დახმარებას. ქვეყანას არ ემუქრება საფრთხე, რომ ამ პირობებშიც კი ვინმე მძიმე ავადმყოფი დარჩება ჰოსპიტალიზაციის გარეშე. არც ერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ოჯახის ექიმის და კოვიდსასტუმროს გარეშე, ამან ხალხის ყურადღება მოადუნა და იფიქრეს, რომ დაე, ეკონომიკა იყოს გახსნილი, ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, ვიცხოვროთ ჩვეულებრივად და იყოს ეს ამდენი შემთხვევა, მას მაინც მართავს ჯანდაცვის სექტორი.
მაქვს ცნობა, რომ ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ იცავენ იზოლაციას. დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ, აღმასრულებელ და სხვა ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები. 12 დღის მანძილზე ყველამ დაიცვას იზოლაციის წესები. არავითარ შემთხვევაში არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა ცერცვაძემ.