თენგიზ ცერცვაძე - სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო
სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„დაზუსტებით, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდით, ამის თქმა უკვე შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ პაციენტებს შორის რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადაცემა ფულით მოხდა. ვთქვათ, ხელოსანმა, რომელმაც ფული აიღო და ლომბარდის თანამშრომელმა, რომელმაც ლომბარდში ფული აიღო. ასე რომ, ეს გზა სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ფული ეს არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, რადგან ინფექცია ეროვნული ბანკის ფულის საცავის რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა ახალ შემთხვევებს შორის ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლოს გამოვლენილი ჯგუფის კონტაქტები დადგენილია და მათი შესაბამისი კვლევა ტარდება.
„ასე რომ, მარნეულის სცენარის განმეორება აქ მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეკითხვაზე, დაგვიანდა თუ არა შესაძლო შემთხვევის განსაზღვრების გადახედვა, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ განსაზღვრების გადახედვა არ დაგვიანებულა.
„აქამდე, სულ რაღაც ათი დღის წინ, მხოლოდ მესამე რიგის გადაცემები იყო და არ იყო შიდა გადაცემა. ანუ, მარნეულის შემთხვევამდე შესაძლო შემთხვევის განსაზღვრების გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ხოლო მარნეულის შემთხვევის შემდეგ, მაშინვე დაიწყო ამის გადახედვა, მაგრამ რამდენიმე დღე გაგრძელდა, რადგან ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ ტექსტის შეცვლასთან, რომლის შეცვლას არაფერი უნდა, არამედ სამედიცინო დაწესებულებების და საერთოდ, ადამიანური, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მობილიზებასთან. ასე რომ, ეს მყისიერად მოხდა; ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში. მარნეულის შემთხვევიდან სულ ერთი კვირა გავიდა და ქვეყანამ უკვე მოახდინა ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.