თენგიზ ცერცვაძე - საშუალება გვაქვს, პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ კოვიდით სიკვდილობის შემთხვევები, თუ პაციენტი ექიმს დაავადების პირველ დღეებში მიმართავს
თამამად შეიძლება, ითქვას, რომ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად ნულზე იყო ეპიდემია, დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია, ყველაზე უფრო სტაბილური მდგომარეობა და ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი რიცხვი, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძის თქმით, დღეს პირველად თუ მეორედ ჩამოცდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს და იყო 3.4%.
„ეს არის შედეგი ცალსახად იმ ღონისძიებების, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარეს პანდემიის წინააღმდეგ, იგულისხმება, როგორც ავადმყოფთა ნაკადების ოპტიმალური მართვა, ასევე და კლინიკური სექტორის წარმატებული მუშაობა. ეს ტენდენცია, რომელიც ჩვენთანაა, სულაც არაა დანარჩენ ევროპაში. დანარჩენ ევროპასა და მსოფლიოში კვლავად გრძელდება შემთხვევების მაღალი რიცხვი“, – აცხადებს ცერცვაძე.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, საქართველოში ბოლო 10 დღე-ორი კვირაა, რიცხვი არის 10-დან 20-მდე, მაშინ, როდესაც მაგალითად, გერმანიაში 700-დან 1 100-მდე.
„მართალია, ჩვენთვის ეს რიცხვიც ბევრია, ჩვენ გვინდა ის 10-20 შემთხვევაც არ იყოს და გვქონდეს ერთეული შემთხვევა ან საერთოდ ნულზე დავიყვანოთ შემთხვევები. ამისთვის საჭიროა ერთი რამ – უპირველეს ყოვლისა, გავაანალიზეთ სიკვდილიანობის შემთხვევების მიზეზები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადრე თუ შეგვეძლო გამოგვეყო რამდენიმე მიზეზი სიკვდილიანობის, ახლა პრაქტიკულად დარჩენილია ერთადერთი მიზეზი, ეს არის დაგვიანებული მომართვიანობა კლინიკებში, სასწრაფოებთან და ექიმებთან.
იმდენად კარგად არის ჩვენთან სამედიცინო სერვისები ახლა გამართული, იმდენად მაღალ დონეზეა სასწრაფო დახმარების სამსახურის მომსახურება, ოჯახის ექიმებისა და ჰოსპიტლების მომსახურება, იმდენად დაიხვეწა თვითონ პაციენტების მოვლა და მკურნალობა, მათ შორის მძიმე ავადმყოფების, დანერგილი გვაქვს არაერთი ინოვაციური მეთოდი მკურნალობის. რჩება ერთადერთი მიზეზი – პაციენტების დაგვიანებული მომართვა.
როდესაც პაციენტები რჩებიან სახლში დიდხანს, 10 დღეს და მეტხანს და კლინიკას ან სასწრაფოს მიმართავენ ძალიან დამძიმებულ მდგომარეობაში, პრაქტიკულად სარეანიმაციო მდგომარეობაში. ამის მიზეზი არის ორი – ერთი, როდესაც პაციენტს ემართება რესპირატორული ინფექცია, ის არ იკეთებს ტესტს კოვიდზე, მიუხედავად იმისა, რომ რომ ძალიან გაფართოებულია ტესტირება. უბრალოდ, საცოდაობაა, ტესტი არ გაიკეთოს პიროვნებამ, ვისაც ეს სჭირდება, როცა დღეში 20 000-მდე ტესტი ტარდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეორე მიზეზი – ზოგიერთები იკეთებენ ტესტს და იციან, რომ აქვთ კოვიდი, მაგრამ რატომღაც, თვლიან, რომ ამ კოვიდს გადაიტანენ იოლად და სახლში ექიმის დახმარების გარეშე. მათ ეს ილუზია ხშირად უჩნდებათ, რადგან ბევრ კოვიდპაციენტს მართლაც იოლად გადააქვს კოვიდი, მათ შორის ფეხზე, მათ შორის ბინაზე. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან არაპროგნოზირებადი ავადმყოფობაა და შეიძლება, ოთხმა-ხუთმა გადაიტანოს ძალიან იოლად, ძალიან მსუბუქად, ბინაზე, ფეხზე და მე-5, მე-6 ისე დამძიმდეს, რომ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდეს.
მართალია, კოვიდი ხშირად საფრთხეს უქმნის ხანდაზმულ ადამიანებს და მათ, ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები, მაგრამ ესეც არ არის აბსოლუტური კანონზომიერება. ხშირად, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება კოვიდი, თუ ის მიშვებულია, თუ ის დაგვიანებულია ახალგაზრდებშიც, თანმხლები დაავადებების გარეშეც. ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას – სასწრაფოს ექიმებს, ოჯახის ექიმებსა და პირველ რიგში მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს, პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ სიკვდილობის შემთხვევები, თუ პაციენტი მიმართავს ექიმს დაავადების პირველ დღეებში და არაუგვიანეს პირველი კვირისა. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც მიმართავს ექიმს, სასწრაფოს ან ჰოსპიტალს დაავადების დაწყებიდან პირველი კვირის მანძილზე, ჩვენ გვაქვს თითქმის 100%-იანი გარანტია, რომ ეს პაციენტი არ დამძიმდება და გადარჩება“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.