თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის
საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.
„თუ კორონავირუსის დინამიკას გავითვალისწინებთ, ევროპის ქვეყნებში თუ მთელ მსოფლიოში, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 18 საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი.
„18 ადამიანი სხვა ქვეყნებში დაინფიცირდა; ორი ირანში, ერთი ესპანეთში, დანარჩენები იტალიაში და ისინი უკვე დაინფიცირებული შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ხუთ შემთხვევაში გადაცემა მოხდა უკვე ჩვენს ქვეყანაში, ამ უცხოეთში დაინფიცირებული პირებისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში არც გადაცემის ტიპი არ არის საგანგაშო.
„დაფიქსირდა 18 გარედან შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და მხოლოდ ხუთი შემთხვევაა საქართველოში შიდა გადაცემის. ისიც, მხოლოდ პირველი რიგის გადაცემა, როდესაც საზღვარგარეთ დაინფიცირებულმა პირმა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ინფექცია გადასცა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ პირველი რიგის კონტაქტი. ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომ აქ დაინფიცირებულმა პირმა დააინფიცირა ისევ საქართველოს მოქალაქე, იმან კიდევ სხვა მოქალაქე და ა.შ. ანუ, არ დაფიქსირებულა მეორე, მესამე და ა.შ. რიგის გადაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ეპიდემია მას შემდეგ იწყება, როცა ინფექციის მესამე, მეოთხე და შემდეგი რიგის გადაცემა ხდება.
„რადგან მერე, ბოლოს და ბოლოს, იმ სიტუაციამდე მივდივართ, როდესაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული არა ერთი პაციენტი გამოვლინდება და არც კი გვეცოდინება, თუ ვისგან დაინფიცირდა ის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს ინფექცია უკვე იმდენად არის გავრცელებული, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება, როცა ძალიან იშვიათად ვიცით, ვისგან დავინფიცირდით. აი, ამ შემთხვევაში ინფექცია იღებს საგანგაშო ფორმას და მასშტაბებს. ჯერჯერობით, ეს ჩვენთან არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.