თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ჩატარდება პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა, რომელშიც 400 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიოში ჯერ არ არსებობს პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამა, პოსტკოვიდურ სინდრომზე ბრიტანელებმა ამ დრომდე ორი სერიოზული კვლევა დადეს. კერძოდ, „კოვიდისგან“ დატოვებულ ნერვოლოგიურ პრობლემებზე. საქართველო ერთ-ერთი პირველია, ვინც ამაზე რეაგირება მოვახდინეთ და პარალელურად, ჩატარდება პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა, რომელშიც 400 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს ჩაუტარდებათ ყველანაირი კვლევა და აღნიშნული სინდრომის არსებობის შემთხვევაში, ყველა წვრილმანი დადგინდება.
„კერძოდ, გაირკვევა, ვის უვითარდება, ჰოსპიტალურ პაციენტებს თუ ამბულატორიულს, მძიმეებს თუ მსუბუქებს, ქალებს თუ კაცებს, ასაკის მიხედვით როგორ ნაწილდება. პარალელურად სამინისტროში მუშავდება პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამა, როგორიც არის, მაგალითად, შიდსით ან ტუბერკულოზით ავადმყოფებისთვის. ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როცა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც იქნებიან ამ პროგრამის კონტრაქტორები, ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს. ამ კლინიკებს მიმართავენ კოვიდგადატანილი ადამიანები და მიიღებენ დაწვრილებით კვლევასა და მკურნალობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.