თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ბრიტანული შტამი მასობრივად რომ იყოს გავრცელებული, ახალი შემთხვევების რაოდენობა მეტი იქნებოდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ბრიტანული შტამი მასობრივად რომ იყოს გავრცელებული, შემთხვევების დღიური რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახლა ვლინდება.
„ბრიტანული შტამის კვლევა თითოეული ადამიანის დიაგნოსტიკის დროს შეუძლებელია, მას „პისიარ“ მეთოდი არ ყოფნის, უნდა მოახდინო მისი სეკვენირება, გენეტიკური კვლევა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება და ძალიან ძვირია. მსოფლიოში არსად, მათ შორის თვითონ ბრიტანეთში ყველა პაციენტს არავინ იკვლევს, ბრიტანული შტამია, ჩინური, თუ სამხრეთ აფრიკული. ხდება შერჩევითი გამოკვლევა და როდესაც შერჩევითი გამოკვლევით ნანახი რაოდენობა მატულობს, შემდეგ ვარაუდობენ, რომ ეს შტამი მასობრივად გავრცელდა. საქართველოში შერჩევითი გამოკვლევით ნანახი იქნა ბრიტანული შტამის რამდენიმე შემთხვევა, დაახლოებით 2-3 კვირის წინ ვარაუდობდნენ, რომ 30-35 ადამიანს ჰქონდა ბრიტანული შტამის ინფექცია. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ახალი შემთხვევების გარკვეული რაოდენობა არის ბრიტანული შტამი, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ინფექციის დაბალ რიცხვს, დღეს ისევ ჩამოვიდა 500-დან 450-ზე, ბრიტანული შტამი მასობრივად რომ იყოს გავრცელებული, ჩვენ ოთხასზე ვერ დავიჭერდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.