თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს აქვს ყველა პირობა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ძალიან წარმატებულად შეხვდეს
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს აქვს ყველა პირობა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ძალიან წარმატებულად შეხვდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საბედნიეროდ, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს იმდენად კარგად იმუშავა სახელისუფლებო ვერტიკალმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, იმდენად დროულად და ადეკვატურად გატარდა საპასუხო ზომები, რომ ფაქტობრივად, კლინიკურ სექტორს სერიოზული გამოცდის ჩაბარება არ მოუწია.

„მე თვითონ კლინიკური სექტორის წარმომადგენელი ვარ და თითქოს მოტივირებული უნდა ვიყო ვთქვა, რომ კლინიკურ სექტორს ძალიან სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია და მას ბრწყინვალედ გაართვა თავი. კლინიკურმა სექტორმა ბრწყინვალედ გაართვა თავი, რაზეც მეტყველებს სულ 13 გარდაცვლილი ევროპის ქვეყნებიდან ერთ მილიონ მოსახლეზე – ყველაზე ნაკლები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელისუფლებო ვერტიკალის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ბრწყინვალე მოქმედებების შედეგად, კლინიკურ სექტორზე ძლიერი ზეწოლა არ ყოფილა, იყო იმ მასშტაბის ზეწოლა – 800 ავადმყოფი, რომლისთვისაც კლინიკური სექტორი აღმოჩნდა აბსოლუტურად მზად გარკვეული მარაგით.

ჩვენ ყველა სიტუაციაში გვქონდა ორჯერადი, სამჯერადი მარაგი. ვთქვათ, რომელიღაც დღეს თუ  ჩვენთან იწვა 400 პაციენტი, თავისუფლად შეგვეძლო მიგვეღო 800, ან 1200 პაციენტი. რომ დაგვჭირვებოდა 10 000-ის მიღება, მაშინ როგორ გავუძლებდით, არ ვიცი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, პირველმა ტალღამ საქართველოში მხოლოდ წარმატებული საპასუხო ღონისძიებები აჩვენა.

„რადგან ამ ვერტიკალის კარგი საპასუხო ქმედებების შედეგად, საქართველოს არ ჰქონია ის წნეხი და დაწოლა, რაც ჰქონდა ევროპის და ჩრდიოლეთ ამერიკის ქვეყნებს. ამიტომ ამ ფონზე ხარვეზები იყო თუ არა, ვერ გეტყვით, არ ჩანდა ხარვეზები, ყველაფერი მუშაობდა საათივით გამართულად.

ხარვეზზე, ერთ კონკრეტულ შემთხვევას თუ აიღებ, რომ ვიღაცა შარიანი ადამიანი რაღაცას ამბობდა, ისიც ვერ ამბობდა, ასეთიც ვერ მოინახა იმდენად გამართულად მუშაობდ ყველაფერი, მე კრიტიკა, საჩივარი არ მახსოვს. პაციენტი არ დარჩენილა ექიმის გარეშე. 12 საათში ყველას დიაგნოზი დასმული იყო.

რა თქმა უნდა, ამით თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და მეორე ტალღისთვის, როცა შესაძლებელია, იყოს მეტი ზეწოლა, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლები უნდა იყოს უფრო დიდი მასშტაბის პაციენტების ნაკადისთვის.

ამისთვის საჭიროა, რომ კლინიკური სექტორი მოემზადოს, ისარგებლოს პირველი ტალღის დროს არსებული გამოცდილებით, გაითვალისწინოს პოტენციური ხარვეზები, რაც არ გამოვლინდა, რადგან რადგან ზეწოლა არ ყოფილა. საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ მეორე ტალღას და თუ კიდევ იქნება შემდეგი ტალღები, შეხვდეს ძალიან წარმატებულად, როგორც პრევენციის კუთხით, ისე კლინიკის კუთხით.

როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც კატასტროფა, ის, რაც დაარღვევს ჩვენს ცხოვრების რიტმს, ხელს შეუშლის ჩვენი ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლას. პაციენტების გარკვეულ, გონივრულ რაოდენობას, იქნება დღეში ახალი 10 პაციენტი, თუ 20, ჩვენი კლინიკური სექტორი თავისუფლად გაუმკლავდება. არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას და თავისუფლება გამოვიყენოთ გონივრულობის ფარგლებში“,- განაცხადა ცერცვაძემ.