თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ კორონავირუსი ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა შემთხვევების სწრაფი მატება
საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ კორონავირუსი ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად, უარი თქვა აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ახალი შემთხვევების სწრაფი მატება, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მინდა, გამოვეხმაურო გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის, გიორგი გრიგოლიას, ასევე ა.წ. 21 ნოემბრის უაღრესად ემოციურ პოსტს. ამ შემთხვევაში მე მთლიანად ვიზიარებ ბ-ნი გიორგის გულწრფელ შეშფოთებას და წუხილს საქართველოში COVID შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა – საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საზოგადოების განწყობისა და საარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით უარი თქვა განმეორებით lockdown-ზე და მკაცრ შეზღუდვებზე, აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე (პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალ შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფი მატება და შესაბამისად კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა, რასაც ქვეყანა ჯერჯერობით მართალია, სერიოზული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება, რაზეც მეტყველებს თუნდაც სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდსასტუმროებში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების ძალიან მცირე რიცხვი – სულ 7-8 შემთხვევა. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მინდა, დავარწმუნო ბატონი გიორგი გრიგოლია და საქართველოს ყველა კეთილის მოსურნე, რომ ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.