თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს მონაცემებისთვის უნდობლობა ჯერ არავის გამოუცხადებია და მუდმივად ვიღებთ მსოფლიო ორგანიზაციებიდან, ქვეყნების მეთაურებისგან მადლობის წერილებს, უმაღლეს შეფასებას
საქართველოს მონაცემებისთვის უნდობლობა ჯერ არავის გამოუცხადებია და მუდმივად ვიღებთ მსოფლიო ორგანიზაციებიდან, ქვეყნების მეთაურებისგან მადლობის წერილებსა და უმაღლეს შეფასებას, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მონაცემები მთელს მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სანდოდ.
„რა დონეზე იცით? ამერიკის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, შვედეთის დონეზე. ჯერ საქართველოს მონაცემებისთვის უნდობლობა არავის გამოუცხადებია და ყველა დონეზე, პრეზიდენტიდან დაწყებული, ექიმებით, პირადად ჩემით დამთავრებული, მუდმივად ვიღებთ გაერო-დან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტებიდან, ქვეყნის მეთაურებიდან და ექსპერტებიდან მადლობის წერილებსა და უმაღლეს შეფასებას „კოვიდის“ მართვაზე.
ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, „ფორინ პოლისმა“, დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველო ოფიციალურად შეიყვანა ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის და სულ რამდენიმე დღის წინ არა ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტულმა, არამედ ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, „ვაშინგტონ პოსტმა“ სპეციალურად მოიხსენია საქართველო, როგორც „კოვიდის“ მართვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ!“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.