თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს ევროპის 49 ქვეყანას შორის მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, რაც ძალიან ბევრს უკვირს
საქართველოს ევროპის 49 ქვეყანას შორის ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, თანაც ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებს, გვინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტურობითა და პაციენტისთვის საფრთხით „კოვიდ- 19“ გრიპს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულს გართულებების იმაზე მეტი რისკი არ ჰქონდეს, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფებებს აქვთ.
„მოგეხსენებათ, საქართველოს ევროპის 49 ქვეყანას შორის ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, თანაც ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებს. ეს ძალიან ბევრს უკვირს, მაგრამ ფაქტი ასეა. ჩვენ გვინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ და ჯერჯერობით ამისთვის გვაქვს ყველა პირობა. გუშინ პრემიერ-მინისტრთან გაიმართა ძალიან სერიოზული შეკრება, სადაც საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიწვეული ვიყავით ჩვენ, კლინიცისტები. იქ პირდაპირ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაზეც პრემიერ- მინისტრმა უკვე ისაუბრა. იმ პირობებში, როდესაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ავადობის შემთხვევები იმატებს, ამ ტენდენციას ვერც საქართველო ასცდა და ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. საქართველოსთვის ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ ისიც მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოსთვის იყო რეკორდული მაჩვენებელი, თორემ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ჩვენს უშუალო სამეზობლოში ეს საოცნებო რიცხვია. მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის არგუმენტი. ვინაიდან შემთხვევების რაოდენობა მაინც იზრდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამისი დაბალანსება, კონპენსირება მოვახდინოთ, რაც შეიძლება წარმატებული მკურნალობით. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ითქვა საინტერესო ტერმინი, მოვახდინოთ „კოვიდ-19“- ის „გრიპიზაცია“. დააკვირდით, ძალიან საინტერესო ტერმინია. ეს არ არის ოფიციალური, ლეგიტიმური ტერმინი, მაგრამ ძალიან ტევადია. ანუ მკურნალობის ეფექტურობით და პაციენტისთვის საფრთხით „კოვიდ- 19“ გრიპს გავუტოლოთ. ანუ კოვიდინფიცირებულს არ ჰქონდეს მეტი რისკი გართულებების და სიკვდილის, ვიდრე ეს აქვს ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფებს. რამდენად შესაძლებელია მოგახსენებთ. ზოგადად, ეს ძალიან ძნელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, მსოფლიოაში სიკვდილიანობის რაოდენობა შემცირდა, ტენდენციაა ასეთი, რომ განახევრდა, დაახლოებით 50-ჯერ, 100-ჯერ მაღალია „კოვიდის“ დროს სიკვდილიანობა, ვიდრე პანდემიური გრიპის დროს. აი, ღორის გრიპს რომ ეძახდნენ, რომელიც 2009-2010 წლებში იყო, ჩვენთან პრაქტიკულად, ეს მაჩვენებლები გათანაბრებულია. არ ვიცი, შევინარჩუნებთ თუ არა ამას, მაგრამ 2009-2010 წლებში ღორის გრიპით 52 პაციენტი დაგვეღუპა და დღეს კორონავირუსისგან რვა თვის განმავლობაში მხოლოდ 19 პაციენტია გარდაცვლილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.