თენგიზ ცერცვაძე - საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს მედიკამენტ „კამოსტატის“ კვლევის პროცესში
საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა სურვილი და დაინტერესება, რომ მონაწილეობა მიიღოს მედიკამენტ „კამოსტატის“ კვლევის პროცესში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეპარატი „კამოსტატი“ აბლოკირებს „კოვიდ 19“-ის გამომწვევი ვირუსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცილას, რომელიც ძირითად როლს თამაშობს ამ ვირუსის უჯრედში შეჭრაში.
„კამოსტატზე“ კვლევა ახლახანს დაიწყო. ეს არის ყველაზე უფრო ახალი პრეპარატი, რომელიც კლინიკურ კვლევას გადის „კოვიდ 19“-ის პაციენტებში. ამიტომ კვლევა ასე ჩქარა ვერ დასრულდება, მაგრამ კვლევის პროცესში შეიძლება, ჩაერთონ დაინტერესებული ქვეყნები და ჰოსპიტლები. მათ შორის საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა სურვილი და დაინტერესება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ მედიკამენტის კვლევის პროცესში. ეს პრეპარატი აბლოკირებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცილას „კოვიდ 19“-ის გამომწვევი ვირუსის ე.წ სპაიკპროტეინს, რომელიც ძირითად როლს თამაშობს ამ ვირუსის უჯრედში შეჭრაში. თუ ეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს ექსპერიმენტში ინ ვივო, ის ასევე კარგად იმუშავებს პაციენტებში, მაშინ ეს მედიკამენტი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტური “,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, „კამოსტატს“ უფრო მეტი ეფექტი ექნება, თუ „რემდესივირს“.
„ძნელი სათქმელია ამის წინასწარმეტყველება. ორივე პრეპარატს აქვს ძალიან კარგი ბეგრაუნდი. ორივე პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე საინტერესოა. ორივე მოქმედებს ვირუსის გამრავლების ძალიან მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წერტილებზე. რომელი უკეთესი იქნება, ძნელი სათქმელია. არის ვარაუდი, რომ ორივე იქნება ძალიან ეფექტური“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, პრეპარატ „კამოსტატზე“ დაინტერესება მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების მხრიდან დიდია.
ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პრეპარატ „რემდესივირს“ რაიმე განსაკუთრებული რისკები არ აქვს.
„რაიმე განსაკუთრებული რისკები ამ მედიკამენტს არ აქვს. ყველა მედიკამენტს აქვს პოტენციურად გვერდითი მოვლენები. განსაკუთრებით ძლიერმოქმედ მედიკამენტებს. მაგრამ „რემდესივირს“ არაფერი ისეთი არ აქვს, რამაც მისი ხმარება შეიძლება გახადოს სახიფათო და საფრთხის წინაშე დააყენოს პაციენტის ჯანმრთელობა.
უფრო სხვა მიმართულებით იყო სკეპტიკური შენიშვნები. რამდენიმე კვლევაში ახალი მედიკამენტის დამკვიდრება პრაქტიკაში არ ხდება ერთი რომელიმე კვლევით. ეს ხდება რანდომული, დიდი კვლევების ერთობლიობით და შემდეგ ყველა მათი შედეგის დეტალური ანალიზით. იყო რამოდენიმე კვლევა, რომელშიც „რემდესივირმა“ თითქოს ვერ უჩვენა მაღალი ეფექტი და იყო ერთგვარი იმედგაცრუება. ისევე როგორც ეს თან სდევს ყველა მედიკამენტს, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ. იგივე, ცნობილ „პლაქვენილს“, რომელსაც საქართველოშიც იყენებენ. მასზეც იყო ასეთი დისკუსი გაჩაღებული. მასზეც იყო კვლევები, რომ საკმარისად ეფექტური არ არის. ასეთი კვლევები იყო „რემდესივირზეც“. ერთდროულადაც კი დაიდო ამ ორ პრეპარატზე კვლევის შედეგები.
თუმცა, ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი და მსოფლიოში დარგის ლიდერმა, ენტონი ფაუჩიმ საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა. მისთვის უჩვეულოდ თამამი, რომ „რემდესივირმა“ მაინც ძირითად კვლევებში უჩვენა მაღალი ეფექტი და მან პირდაპირ თქვა, რომ ის გახდება „სტანდარტ ოფ ქეარ“, ანუ ძირითადი საშუალება „კოვიდ 19“-ის“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.